ჩანახატები


                      პროლოგი                                         
   ძვირფასო მკითხველო, წინამდებარე პროზაული კრებული გახლავთ იმ შემოქმედებითი ციკლის დასასრული, რომელიც პოეტური კრებულებით შევთავაზე საზოგადოებას და რაღაცნაირად განვიტვირთე. შემოქმედება ცხოვრებისეული და წარმოსახვითი ნიუანსებით გამზევებული სტიქიაა, რომლისგან თავის დაღწევა ღმერთისგან გაქცევის ტოლფასია შემოქმედებითი ადამიანისათვის, ამიტომაც ეჯაჭვებიან მას და ხდებიან მისი ტყვეები.
   ჩათვალეთ, რომ თქვენ ეცნობით მწერლური აუცილებლობით შეპყრობილი ადამიანის ნაფიქრსა და ნაგულსიტყვებს, რომელმაც ჩემს არსში ხან ტკივილიანად, ხანაც სხივნათელად იმდენგზის გაიარა, ეს კვალი დატოვა და თუ თქვენშიც წამიერად მაინც აღძრავს ინტერესს, მეტი არა მინდა რა და თავს ბედნიერად ჩავთვლი.
   ლექსი განცდათა და ცნობიერებათა შრეებში აელვებული უცაბედობის შედეგია და მისი მოსვლისა და დაბადების თეორიებს დღემდე უსაფუძვლოდ იკვლევენ, აი, პროზა კი დაგულოვნებულ აზრთა და იდეათა ყალიბში მოქცევაა და ყოველივე შემოქმედის ოსტატობაზეა დამოკიდებული მხოლოდ. თუ როგორ შევძელი ყოველივე, ესეც შენი გადასაწყვეტია მკითხველო, და თუ ოდესმე ვინმეს იმედი მქონია, მხოლოდ შენი გულისხმიერებისა და სიყვარულის, რაც მიმიღია დღიდან პირველი ლექსის დაბეჭვდისა მოაქჟამომდე.
   იქნებ, ეგ, პროლოგია იმ საგისა, რომლის შეთავაზებასაც ვაპირებ, ყველაფერი კი ისევ მკითხველის ერთ სამართლიან ღიმილზეა დამოკიდებული, რომელსაც გალაკტიონი „შიშში ნაგრძნობი ბედნიერებით“ გვიხატავდა.
   ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინაა!

   ავტორი

 მაფშალია
                                                                    /ჩანახატი/                    

       წკნელის ღობეზე შემოსკუპდა მაფშალია.ფრთხილი თვალები მიმოავლო ბაღს და გაირინდა.ბაღში ყვავილებმა გაიხარეს,სილამაზით გამორჩეულები ერთმანეთს მეტოქეობას უწევდნენ და თავს აწონებდნენ ბულბულს.ფრინველს არ ხიბლავდა ისინი,ამღერდებოდა თუ არა,მისი ტკბილი ჰანგები სხვას ეკუთვნოდა...ის გულში მალულად ინახავდა და მასზედ მიძღვნილ სიმღერას ცრემლმორეული ამთავრებდა...ხანმოკლე დუმილის შემდეგ,მიფრინავდა სიყვარულისგან გულმგლოვიარე...ის დაეძებდა,ყოველდღე მოფრინავდა და ელოდა...სიმღერას გადაერჩინა მისი იმედი,მაგრამ ზურგს უკან,სევდაგაყოლილ ჰანგებს ფანტავდა...მარტო მოფრინავდა და მიფრინავდა ფრთებჩამოშლილი, მუზის სამფლობელოში მაფშალია...
       ყვავილებმა მოიწყინეს,ეძახეს დიდხანს და ვერ გააგონეს,გულდაწყვეტილმა ვარდმა ჩურჩულით ამოთქვა;,,ისევ მოფრინდი,მაფშალიავ,იგალობე ჩემს ბაღში...,,არ ესმოდა გზად დაწეული ხმა მგოსანს,ისევ  დარდიანი და ცრემლმორეული სივრცეს მიარღვევდა და ჰანგებს ჰაერში კვალად ტოვებდა...
         ვარდობისთვეს მაღლა აეწია თავი,გაზაფხული დედოფლობდა ეზოში,სიო დანარნარებდა მშვიდი და მომღიმარი,პატარძალივით განაზებული და ალერსიანი...ბაღის შუაგულში,ოდა სახლის აივანი მცოცავ ყვავილებს დაეფარა.ფანჯარა არ იღებოდა,ფანჯრის გაღმა აკრძალული სიყვარული ჩაეკეტათ.ფანჯრის მინას მიყრდნობოდა სიკვდილმისჯილი მზერა...გოგონას ესმოდა ოთახამდე მოღწეული ბულბულის ტკბილი გალობა.სიმღერაზე შეყვარებული,ჯერ არგანცდილ განცდას შეეპყრო,სურდა შეუცნობელის შეცნობა,დაშლა და მძივებად აწყობა,დამარცხება და გამარჯვება,სიხარულისა და სევდის შეზავება,სურდა...სურდა ენახა მგოსანი ფრინველი,ასე,რომ მისი ხმა გულს ათასგზის წვავდა...
        მაფშალია არ ჩანდა, ერთხმად ალაპარაკდნენ ბაღის ლამაზმანები,ალბათ,დარდმა გაუხეთქაო ალალი გული,სიყვარულმა შეიწირაო ბუნების მშვენება...დღე და ღამე წუხდნენ და ფიქრობდნენ ამაზე.გაფრინდა და არ დაბრუნდა მაფშალია,ხმის სიმი ჩაუწყდაო,თითქოს,ისე დადუმდა მომღერალი ფრინველი...ისევ სიკვდილმისჯილი მზერა იყურებოდა ფანჯრიდან,გალიაში გამოემწყვდიათ აკრძალული სიყვარული,აგონიაშეპყრობილივით ფართხალებდა  ცეცხლის ალზე მოთამაშე სული...გოგონას ცრემლი შეშრობოდა სახეზე,აივანზე ამოცოცებულ ყვავილებს მიეფერა და მათი სურნელი შეიგრძნო.ახლა გალობის ხმა დაუტკბობდა დასევდიანებულ განწყობას,ელოდა ბულბულს,ელოდა ყოველდღე და სწადდა მისი მოსმენა...გული რაღაცაზე ჩურჩულებდა, რაღაცაზე ტიროდა, იცინოდა, კვნესოდა, ხარხარებდა, ვერ გაეგო იდუმალების ვერაფერი...ოთახისკენ იბრუნა პირი,სახელურს სწვდა და...წკნელის ღობეზე ამღერდა მაფშალია...მოფრინდა და გაახარა ირგვლივ ყოველი....გოგონა შეყოვნდა,მოტრიალდა და აივნის მოაჯირს მიეყრდნო მხრებით,თვალები მინავლა და სმენად იქცა...ახლოს ესმოდა  გალობა,უკვე ყურთან უმღერდა მას,მხარზე ეჯდა ბუნების მგოსანი,დიდხანს ეფერა ფრინველს...ის მღეროდა...მღეროდა და არ ჩერდებოდა...
     სიო დარნარებდა მშვიდი და მომღიმარი...
     ფანჯრიდან არ იხედებოდა სიკვდილმისჯილი მზერა...
       ის არ დაეძებდა დაკარგულს...
      სივრცეს მიარღვევდა ტკბილი ჰანგები...     

7 თებერვალი 2010 წელი





   ბილიკი

  ფანჯრის მინას ვიღაცამ ქვის კენჭი ესროლა მოსვლის ნიშნად. დარიკომ ჩამოფარებული ფარდა გადასწია და მთვარიან ღამეში, ფანჯარასთან ახლოს მდგარ ვაშლის ხის ძირას, მთვარის ჩრდილში შეფარებული დავითი იცნო. მოსცილდა ფანჯარას, გააღო კარები, მკლავები ლაღად გაშალა და შემობრძანდიო, მიაძახა. ჩვეული სტუმართმოყვარეობით შემოიპატიჟა და კარის ზღურბლზე გაბუტული ტუჩები შეაგება. ჩახუტებულებმა დიდხანს ეფერეს ერთმანეთს. ბედნიერების ვარსკვლავები თავს დასციმციმებდნენ, სიყვარულის ღმერთები ფრთებგაშლილი და ცით მოგზავნილი მუსიკის ნაზ ჰანგებს ფანტავდნენ, მუზები ლექსებს ქმნიდნენ, ხატავდნენ, მღეროდნენ და მარაოსდარად იშლებოდნენ, ცად მაღლებოდნენ... ლამპის შუქი თვალებს ნამავდა თითქოს, სიმორცხვისაგან იმალებოდა, ძალას კარგავდა და თანდათან მიიმალა...
     __მიყვარხარ, დარიკო! უშენოდ რა არის ჩემი სიცოცხლე?_უფრო მიმზიდველი გახდა ეს სიტყვები ფანჯრით შემოსული სავსე მთვარის ფონზე, სიჩუმეს ფართოდ დაეჭყიტა თვალები და სუნთქვაშეკრული იღიმებოდა...
    __ო, ამას ნუ იტყვი, შენ თავადი ხარ! მე, გლეხი...ჩვენი სიყვარული არ შეიძლება… _ ალერსში გახვეული ბუტბუტებდა და ხელს კრავდა ფრთააკრეფილ სიყვარულს, რომელიც ცხოვრებას ულამაზებდა და უხანგრძლივებდა. თან,  ობოლი ვარ... მარტო ვცხოვრობ, ერთ მშვენიერ დღეს გაიგებენ მალულად რომ ვხვდებით და გაგვკიცხავენ, ჯერ ოცი წლისაც არა ვართ, ო, არა!.. შენ, შენი გზით, მე, ჩემი გზით... შენ, თავადი ხარ, ბატონი! არც შენ გაგამართლებენ, იტყვიან, დავითმა გლეხის ქალი შეიყვარაო, მაინც დაგვაშორებენ... _ ფირუზთვალა დარიკოს, ცრემლები ცვიოდა, წმინდა და სუფთა ცრემლები... დავითს უფრო ლამაზი ეჩვენა ატირებული ქალი. კოცნით ამოუშრო უპეები, მაგრამ იცოდა ეს სიყვარული, ამ ცრემლებს უნდა ჩამოერეცხა, წალეკავდა ბედნიერებას და უბედურებით ჩაანაცვლებდა.
             დუმდა დავითი...
             დუმდა დარიკო...
             დუმდა შეფიქრიანებული ღამე...
             დუმდა სიყვარული და სასოწარკვეთილი ვნება...
             დუმდა მთვარე...
             ფიქრს გადაეწია თავი და თვალები ზეცისკენ მიეპყრო, დუმილს ფიქრის კვნესა არღვევდა... ოხვრა და დარდი ოცნებას ხელზე დაესვა და გაქცეულ ბედნიერებას სინანულის მზერას აყოლებდა...

          *       *       *


      რეკენ ხობის მონასტრის ზარები, ჯვრისწერაა. ეზოს თანდათან ემატება ქორწილში ყოველი მხრიდან მოწვეული თავად–აზნაურები და ევროპელი სტუმრები. მასპინძელი ვაი–ვაგლახით, ენის ბორძიკით აცნობს უცხოელთ ქართულ–მეგრულ ადათ–წესებს, ზნე–ჩვეულებებს, ხილული სილამაზის გამო აღფრთოვანებას ვერ მალავენ უცხოელები, რა მშვენიერებაა, რა ბედნიერი ერი ხართო.
      მინდორზე პეპლებივით მოფარფატე გოგო–ბიჭები დარბიან და ყვავილთა გვირგვინს ადგამენ ერთმანეთს, დარბიან, კისკისებენ, ჟრიამულობენ, ნეფე–დედოფლის გამოსვლის მოლოდინში არიან, ვინ პირველი შეეგებება და შეეხება ბედნიერ კალთას, ზოგჯერ კარებიდან მიმალვით შეიჭყიტებიან და ჯვრისწერას თვალყურს ადევნებენ, ჩვენ რომ გავიზრდებით ასე დავიწერთ ჯვარს, ფიქრობენ და ოცნებობენ მომავალი ნეფე–დედოფლები.
       არ იცვლება ხასიათი ეზოში, ზოგჯერ, ღელვა იგრძნობა სასიხარულო, ზოგან, უკმაყოფილო სახეები მოჩანს... ჯვარს იწერენ თავადი დავით ჩიჩუა და აზნაური მაია ხაინდრავა.
      ქორწილის დღეს ამინდიც თავადური დაიჭირა შუაგულ ზაფხულში, ზომიერი სიცხე და გრილი სიო ესალბუნება დასიცხულ შუბლსა და გულმკერდს.
     –როგორ თავადმა აზნაური შეირთო?–გაკვირვებისაგან გაიძახოდნენ ცხვირაბზეკილი, უსაქმობისაგან დაღლილი ყიამყრალი თავადი ქალბატონები, რომლებიც მარაოს წამდაწუმ შლიდნენ, კეცავდნენ და ჰაერში სუნამოს სურნელს ფანტავდნენ ირგვლივ.
      –დაუჯერებელია!–გამოექომაგა მეორე თავადის ქალი, რომელიც მარაოს, თეთრი თხელი, თხელი, მოქარგული პატარა  ქოლგა ამჯობინა და ხელის გულში, ქოლგის ჯოხს ნერვიულად აბზრიალებდა, ალბათ, უკვე მეათასედ შეატრიალა. ნიკაპი უცახცახებდა და ნერვების სისუსტე  და მწვავე გაღიზიანება ქვედა ტუჩზე და ნიკაპზე ეტყობოდა.

      *           *            *


     დარიკომდე ვერ მიდიოდა საქორწილო ხმები, ცეკვა–თამაში და სიმღერის ხმა, ორიოდე კილომეტრი აშორებდათ, მაგრამ შინაგან ხმას ყველაფერი ესმოდა, კედლებს ეხეთქებოდა და ვერ ეტეოდა ძარღვებში ქართველი ქალის ამაყი სისხლი, სათნო და ნაზი სული ბორგავდა, დამცირებას ვერ შეგუებოდა დაკარგვას, ღალატს, იმ ზღვარის გამო თავადსა და გლეხს შორის რომ გაჩენილიყო. თუმცა, წინდახედულობა გამოიჩინა, მაგრამ გრძნობას ვერ თმობდა მოსაკლავად, დასაკარგად, რადგან, თავად სიყვარული ღმერთია და სიცოცხლე! ჰაერი, პური და მთელი სამყარო!..
     წავიდა დარიკო ხობიდან, გაიყოლა დავითის მხურვალე სიყვარული და გაუყვა გზას, რომელიც დაკარგულის პოვნაში ხელჩაქინდრული სხვა გამოსავალს, თვითგამოგონილს ეპოტინებოდა, ებღაუჭებოდა ლამაზი თითებით, ვარდისფერ ღაწვებს ცრემლები ულბობდა. ისეთი უსუსური და მიამიტი იყო, ასმაგად გაელამაზებინა და ქალური ღირსებები მიენიჭებინა მწუხარებას მისი სახისთვის. ჯერ არ გაეშალა და გაეფურჩქნა ფერად ოცნებას, რომელსაც ძლივს სწვდებოდა ცერებზე შემდგარი. შორით შეჰყურებდა  და იმედიანი მოლოდინით გულს იჯერებდა, რომ აიხდენდა უძილო ღამეებში ნაოცნებარ სურვილებს... ახლა კი, შეხვდა, შეეგება იმ შიშს, რომელთანაც შეხვედრა გარდაუვდალ მიანდა. მიდიოდა სულწართმეული და ცარიელი. ვერავინ და ვერაფერი რომ შეყვარებოდა სანაცვლოდ. უსასრულობისაკენ იყურებოდა, და იმ ლამპასავით ბჯუტავდა, იმ ღამეს, ნავთის უკმარისობის გამო, რომ კარგავდა შუქის ძალას.

      *           *           *

   ზაფხული შემოდგომამ შეცვალა, დრომ თავისი გაიტანა და ზამთარშიც კი დარიკოს საკვამურიდან კვამლი აღარ ამოდიოდა. მხოლოდ დარდს ამოანთხევდა საკვამური და წარსულს, მომავალი კი ყოველდღე ელოდა სასწაულს, მაგრამ არაფერიც! არაფერი იცვლებოდა ჟამთა ტრიალში, მხოლოდ ლოდინი ათენ–აღამებდა, მომტირალი იერ–სახე ვერ მოეცილებინა საბრალო სახლ–კარს. გაზაფხულზე ისევ აფრიალდნენ ხეები ობლად, ისევ იმზირებოდა ფანჯარა დავითის მოსვლის მოლოდინში, ისევ და ისევ დარიკოს მოლოდინში და იმედიანი ღიმილ შერჩენილი გაჰყურებდა ჭიშკარს–მოლოდინი...
     გლეხი ქალის ასავალ–დასავალი დანამდვილებით  ვერავის გაეგო. ზოგი ამბობდა, დარდს გადაყვაო, ზოგი ამბობდა, თავი მოიკლაო, ტყეში ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვესო, ზოგი რას და ზოგი რას არქმევდა უბედური ადამიანის ბედს, ღმერთმა უწყოდა მხოლოდ. მოკლედ, დაიკარგა! ყველას უკვირდა სახლ–კარის მამაკაცის ღალატის გამო ასე უპატრონოდ მიტოვება, ნუთუ, გული არ დაწყდაო. არადა, სინამდვილეში გული აღარ ჰქონდა დარიკოს უკვე. მას ამოგლიჯეს, როგორც ხეს ამოგლეჯენ ფესვიანად და საზრდოს–მიწას დაუნანებლად რომ მოაშორებენ, შემდეგ ცეცხლზე დასაწვავად ნაწილ–ნაწილ დაჭრიან და დაჩეხავენ აი, ასე დაუნაწევრეს საბრალო ქალს გული და დაუჩეხეს.
     დავითი დიდად შეაწუხა საყვარელი ქალის უგზო–უკვალოდ გაქრობამ. ჩუმად, ცრემლმორეული ხობისწყლის პირას ჩამოჯდებოდა, ყიალსა და ღვინის სმაში იკლავდა წუხილს. დარდს მისცა თავი, „ჭირმა“ მაინც ვერ დამალა თავი და ცოლი ამჩნევდა მეუღლის უგუნებობას, გაუხარელ დღეებს. შეკითხვას ვერ უბედავდა თავადს. ის განცალკევებით წუხდა საკუთარ თანამეცხედრეზე, ვერ გაეგო რა უნდა ყოფილიყო მიზეზი ასეთი უგუნებობისა.


    *           *           *
    დრო სწრაფმავალია, შეუჩერებელი, ავ–კარგიანობით გაჯერებული. ახალგაზრდობის დროც თან გაჰყვა, გაიარა კუთვნილი საფეხური და სიბერემაც შეაჩერა დრო სიკვდილი–სიცოცხლის ზღურბლთან, ბატონყმური ხანაც მას გააყოლა. ამოესუნთქა გლეხობას ტკივილიანი მათრახებისაგან, შორი–შორს დაძუნძულებდა დაჩიავებული თავად–აზნაურობა. ფეხს იკიდებდა თავისუფლება და ზეიმობდა, დროებასთან და სიბერესთან ერთად მუხლში მოიდრიკა და უმწეო გახდა დავითი, სიყმაწვილის ხიბლი შერჩენოდა მის ვაჟკაცურ, თავადურ აღნაგობას. მახსოვრობაც ნაწილობრივ დაქვეითებოდა და წარსულის სურათიდან აქა–იქ ფერმკრთალი კადრები შერჩენოდა ცოდვების მოსანანიებლად, ზოგიც ფერადი, გულის გასახარად–ეჰ, რა ბედნიერიც ვყოფილვარო...
    ... ნაცნობ და ნაჩვევ გზას დაადგება ხოლმე დავითი. ეს გზა, ეს ბილიკი კარგად ახსოვს, ისიც იცის რომ დარიკოს ჭიშკრამდე მიიყვანს, იქ ოდა სახლი, ვაშლის ხე და ფანჯარა ელოდა, ნახევრად ჩამოფარებული ფარდის გადაწევას და ლამაზი ღიმილის გამოჩენა...
      ეჰ, ახსოვს, ახსოვს და კარგადაც ახსოვს შეხვედრის წუთები... მიუხედავად სუსტი ჯანღონისა სვენებ–სვენებით დარიკოს ჭიშკართან სასოწარკვეთილი ჩამოჯდება და ყალიონს თავადური გამომეტყველებით  ქაჩავს.  ველურ ეზო–კარს სიყვარულის ეშხი დასთამაშებს და კეთილშობილს ხდის, დიდხანს უმზერს, თვალმოუცილებლად ბატონყოფილი, მაგრამ გაბრაზებული, გულნატკენი დარიკო არ ჩანს. ... იცის არ შეურიგდება ამაყი გლეხის ქალი.
გამვლელ–გამომვლელს ბოდიშის მოხდით შეაჩერებს და ეკითხება:
  –ბაბა, აქ, რომ ცხოვრობდა ლამაზი ქალი, სახელი არ მახსოვს, ბაბა, ოღონდ... –სახელის მოგონებაზე ნაღველი ჩაუდგება თვალებში და ვერა და ვერ გაეხსენებინა.  ნაწვალევი , ფიქრიანი   თვალებით მიაჩერდება  და დამეხმარეთ გახსენებაშიო,  პასუხის მოლოდინშია.
   –არ ვიცით, ბაბუ, ვერ გეტყვით.... –მხრების აჩეჩვით ეუბნებიან  მოხუცს ახალგაზრდები და ქვიან გზას მიუყვებიან უკანმოუხედავად, იქნებ, ისინიც სიყვარულიან ბილიკს მისდევენ ნაბიჯაჩქარებულები.
     ასე მეორდება თითქმის ყოველდღე და  სიყვარულის  ნატკეპნ ბილიკს მერამდენედ მიუყვება, რომელზედაც დიდმა სიყვარულმა გაიარა და დარდად  გადაქცეულა, მონატრებად  გადაქცეულა  და დროს ვერ გაემეტებინა დასავიწყებლად.