მოთხრობები

მ ი ხ ა კ ი
(ნამდვილი ამბავი)

   თეთრ შარვალსა და პიჯაკში გამოეწყო სანდრო. სარკის წინ დადგა და მოჩვენებები დაუკითხავად გარს შემოეხვივნენ...
   მის გვერდით სალომე იდგა, ისიც თეთრ კაბაში გამოწყობილი, ბედნიერები იყვნენ და ყველაზე ლამაზები.
სილამაზის დედოფალი ხომ სიყვარულია, სიყვარული კი-თავად სილამაზე! მოჩვენება დიდხანს გაგრძელდა, თუმცა, ყველაფერი დროებითია და ისიც გაქრა... სარკის წინ მარტო დარჩა. უკვე აღარ იდგა სალომე. გაქცეულიყო შორს, არც ისე შორს... დღეს მის ქორწილში მიეჩქარებოდა, დრო გადიოდა და უახლოვდებოდა შეხვედრის განცდის წუთები... ღმერთი განგებ ცდიდა თითქოს,- გული გაუძლებს თუ არაო. გული კი ქორწილისკენ მიუწევდა, უხაროდა, რაღაცნაირად უხაროდა, ალბათ იმიტომ, რომ ნახავდა, ცქერით დატკბებოდა. სალომესათვის ლამაზ ღამეს იცეკვებდა, იმდენს იცეკვებდა, დაიღლებოდა კიდეც. ჰო, სხვის გვერდით ნახავდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იქნებოდა, მაინც ბედნიერად ჩათვლიდა თავს...სკამზე თავჩაქინდრული დაჯდა და გაირინდა. არავინ იცის, ღმერთის გარდა, თუ რაზე ფიქრობდა, იქნებ, თვითმკვლელობაზე?! იქნებ, არ ღირდა იქ წასვლა და ამღამინდელ ღამეს სიკვდილით დაამახსოვრებდა?.. ამაღამ არავინ ეტყოდა სალომეს, სიხარულს არ ჩაუკლავდნენ და გლოვას არ გამოუცხადებდნენ. ან შეიძლება, ვინმე ცნობისმოყვარეს ეთქვა? არა, არა! შეიძლება არავის ეთქვა და გადაიფიქრა.
   ქუჩაში გავიდა. ქალაქი ხმაურობდა. ახლა სოფელი ერჩივნა ქვეყანას. ჩუმი და მშვიდი სოფელი, სადაც ფრინველთა სიმღერის გარდა,სხვა არაფრის ხმას გაიგონებდა. ნელი ხმებით სიარული მოსწყინდა, ნაბიჯს აუჩქარა და რამოდენიმე ნაბიჯზე ტაქსი გააჩერა.
   *  *  *
   დღე ღამედ ეჩვენებოდა სანდროს. ფასდაუდებელი შეხვედრის დღეები თვალწინ ედგა და ვერ გაეცნობიერებინა ღალატი რატომ ჩადგა მათ შორის, ან ქორწილში რატომ ეპატიჟებოდა?! ცრემლი ჩამოუცვივდა, ცრემლი ყველაზე წმინდაა, უნებლიედ ჩამოცურებული ცრემლი მითუმეტეს. ღირს სიცოცხლე თავგანწირული სიყვარულისთვის? ღირს! რადგან, სიწმინდესა და ერთგულებას ვსწავლობთ, გამბედაობას გვმატებს და დიდია რისკი შიშის დაძლევისა. ცხოვრების წესს გვასწავლის და ჭეშმარიტების ძიებაში გვეხმარება. ჭეშმარიტება კი ყველანაირი სიკეთის საწყისია, სიბრძნის სათავეა!..
 *  *  *
  ეზოში სტუმრები ირეოდნენ. ყველა განსაკუთრებული სილამაზით იწონებდა თავს. ზოგი მომავლის ძიებაში იყო, ზოგი იწყებდა, ზოგი ამთავრებდა... ზოგს, არც ადარდებდა აწმყო თუ მომავალი. ყველა თავის გასაჭირს თუ ლხინს შეძლებისდაგვარად იყოფდა და იზიარებდა. ნეფე-დედოფლის მოლოდინში  ლოდინი ელეოდათ..ეს ლოდინი, წუთები, ისეთი თავისმომკვლელი იყო სანდროსათვის, თავად ლოდინი იკლავდა თავს, დრო იკლავდა თავს და სანდროსაც უბიძგებდნენ ამ საშინელების ჩადენას.
  გამოჩნდა მანქანათა ქარავანი. ამცნეს პატარძლის მოახლოება, სიგნალის ხმა, სიგნალის ხმას ფარავდა. სტუმრები ეზოში ჯგუფურად შეგროვდნენ, განცალკევდნენ, დრო დაიძაბა, გზას მიაჩერდნენ... ცის კარები იხსნებოდა, ანგელოზები ოქროს ფრთებით დაფარფატებდნენ ცაზე, გალობდნენ, ზეიმობდნენ, ხარობდნენ ლამაზი წყვილის – ბედნიერი დღის დაბადებას.
  ქორწილი – ბედნიერი დღის დაბადებაა. იქნებ, სწორედ ეს არის ბედნიერება? ხომ იტყვიან ბედნიერება ერთხელ მოდისო?!
   *  *  *
არ თენდებოდა. ღამე ისე გაწელილიყო ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ ვიხილავთ დღის სინათლესო. ღამე ამოუხსნელი და იდუმალი იყო, უხასიათო და ჭირვეული. ყველაფერზე ომია გაჩაღებული... სიყვარულთანაც კი, მასზე გამარჯვება ყველაზე ძნელია. სიყვარულს მოფერება უყვარს და ეჭვიც. სიყვარულს, მაინც სიყვარული უყვარს და სხვა არაფერი!
  სალომეს სანდრომ ცეკვა სთხოვა. მუდარისა და  ხვეწნის გარეშე დანებდა. ხელის გულები ერთმანეთს შეეხო, თითები თითებს გადააჯვარა, მეორე ხელი წელზე შემოხვია და თეთრი კაბის სიმშვენიერე იგრძნო, კალთა ფეხებს ედებოდა, ყელზე მბრწყინავი მძივის ელვარება სევდიანი მოეჩვენა, ვიდრე სალომეს თვალებიდან გამომსჭვალული მზერა. ფერია ჰყავდა ხელებში მოქცეული, დიდხანს ატარა წყნარი მუსიკის ფონზე, მუსიკა დაკარგულ და არდავიწყებულ სიყვარულზე მღეროდა. “როგორ ვუხდებით ერთმანეთს...” ფიქრობდა სანდრო და გულს ერთი ძარღვი მოსწყდა, ჩამოენგრა გული ერთი ნაწილი... ალბათ, დიდხანს იმღერა მუსიკამ, ახლადგამოღვიძებულივით დაფრთხნენ მუსიკის შეწყვეტაზე. სანდრომ ხელის მტევანზე სათუთად აკოცა და დედოფლის ტახტამდე მიაცილა. ლარნაკიდან ერთი ცალი წითელი მიხაკი ამოიღო, ყლორტს ღერო და დაუმოკლა და პიჯაკის გულის ჯიბეში ჩაიდო, კიდევ მოსწყდა გულს ერთი ძარღვი, კიდევ ჩამოინგრა გულის ერთი ნაწილი... ძალას,ძალა დაატანა და გაუღიმა, სევდიანი ღიმილი დაუტოვა და უკანმოუხედავად ქორწილიდან გავიდა...
  გავიდა და წავიდა...
  ღამე არ მთავრდებოდა. უსაშველო გახდა ესGღამე, დაუმთავრებელი და უსასრულო. სანდრო ისევ ისეთი მოწყენილი მიუყვებოდა გზას, როგორც რამოდენიმე საათის წინ. ვერც სალომეს ნახვამ აჩუქა სიხარული და ვერც მისი თხოვნით შესრულებულმა ცეკვამ.
  შუაგზაზე შეჩერდა. მანქანები არ მოძრაობდნენ. მთვარეს ახედა, მთვარე დაბერებულიყო, სახეზე ბინდი ეფარებოდა. “ნეტა, მოვესწრები სიბერეს?” და ხვალინდელი დღე უღიმილო ეჩვენა. გული ეტკინა, ახლა მესამე ძარღვი გაწყდა და ჩამოეშალა გულის ფერდი... მანქანის ხმა შემოესმა ზურგიდან. კარები გიჟისთვალებით ანათებდნენ, მძღოლი ჩქარობდა. სანდრო არ ინძრეოდა ტკივილისგან... უახლოვდებოდა და ფარებს თვალებს არ აცილებდა, მოდი და ერთმანეთს გავუსწორდეთო...
  მანქანამ დაამუხრუჭა და ... ჩაიქროლა კიდეც.
  გაწყდა მეოთხე ძარღვიც...
  ყველაფერი მიწყნარდა და განელდა წამებში.
  ბებერი მთვარე დაჰყურებდა მიწაზე გაწოლილ, დადუმებულ სანდროს, თეთრი ტანისამოსი მტვერში ამოსვრილიყო. ცხვირის ნესტოებიდან სისხლი მოჟონავდა, ხელი გულზე დაედო, უმოძრაო თითებიდან წითელ მიხაკს გამოეჩინა თავი და შველას ითხოვდა...
  სალომეს სიმღერის ხმა “იავნანასავით” მოდიოდა სანდრომდე. მას არ ესმოდა მიძღვნილი სიმღერა. მას არაფერი არ ესმოდა სააქაოსი. სალომე კი, მღეროდა... ეგონა ესმოდა მას, ეძებდა, თვალებით ეძებდა და ცეკვას ითხოვდა, მხოლოდ ერთხელ , მხოლოდ უკანასკნელად ითხოვდა...
                                      
                                                     


-------------------------------------------------------------------------------------------------------------





მახარია

     სოფელმა დილით თვალები ჭყიტა მამლის დაყივლებაზე, თვალფახულა მზე დავარვარებდა ახალგამოღვიძებულ ბუნებას და სიცოცხლის სურნელი ასდიოდათ მზისკენ მაცქირალ ყვავილებს, ხობისწყალი მისი ჩვეული სიჩქარითა და ხმაურით ფოთში, შავი ზღვისკენ მიეჩქარებოდა... მოუსვენარი მდინარე ხტუნვა_ხტუნვით მიიმღეროდა და ნაპირზე მსხდომთ ზაფხულის სიცხისგან დასიცხულ სხეულს უგრილებდა...
გამოფერდილზე, გომური სახლი მოჩანდა, ეზოში ცაცუ დაგოგმანობდა კოკით ხელში, ვარდისფერი მოკლე კაბა ძლიერ უხდებოდა მის კენარ ტანს, შავგვრემან სახეს, ბავშვური სიმორცხვით ალეწილ ლოყებს, კოკა სახლის კიბეზე შემოდგა, ოთახში შეირბინა, წიგნები აიღო და მკერდზე ჩახუტებული, სკოლისაკენ გზას დაადგა. მზე ნელ-ნელა ზემოთ მიიპარებოდა და შუაგულ ცაში მარტო ეკიდა. გოგონას მზის სიმხურვალისგან ალეწილ ლოყებს, გაოფლილ შუბლს, თაფლისფერ თვალებს უფრო ლამაზსა და მიამიტს ხდიდა. ორიოდე წელში დაამთავრებს კიდევაც სკოლას და ქვრივ დედას ოჯახურ საქმეებში მიეხმარება, მამა ახლახან, მძიმე ავადმყოფობით გარდაეცვალა. ქალიშვილს ცრემლი მოადგებოდა კედელზე დაკიდებული ახალგაზრდა მამის მომღიმარი სურათის Aშეხედვაზე. დაქვრივებული მართა ხმამაღლა მოსთქვამდა გულის ტკივილს და ერთადერთი ქალიშვილს ტკივილიან გულში იხუტებდა...
_ ანდრი... არ გესმის? ანდრი... _მეზობლის ჭიშკართან იდგა ცაცუ და კლასელ ბიჭს გასძახებდა. თავალები გაუცისკროვნდა ადრის გამოჩენაზე, ანდრი სირბილით გამოექანა ცაცუს დაძახილზე. გოგონას ებრალებოდა ბიჭუნა, რადგან მამა ახალი გაწვეული ჰყავდათ  ჯარისკაცად დიდ სამამულო ომში, ერთი თვე იყო გასული, რაც სამკუთხა ბარათი არ მიეღო ოჯახს. სოფლიდან უამრავი ახალგაზრდა გაიწვიეს, მოხალისედაც გაეშურნენ ქვეყნის დასაცავად. ზოგი ხშირად ახერხებდა წერილების მოწერას, ზოგი აგვიანებდა, მაგრამ დაგვიანებით მაინც ახარებდა ოჯახს, ზოგმა კი ერთხელ მიიღო და მას შემდეგ იყვნენ დაგვიანებული წერილის მოლოდინში...
_ აბა, თქვენ იცით, შვილებო,_მიაძახა ანდრის დედამ თამარმა ბავშვებს,_კარგად ისწავლეთ, თქვენით მაინც გავიხარო..._ჭიშკრამდე მოჰყვა შვილს და სკოლისკენ მიმავალთ სევდიანი, მაგრამ იმედჩამდგარი სხივი მიანათა. ანდრი მორიდებული, თავდახრილი დადიოდა, თითქოს, მზისგან დადენთილი დადისო. ცაცუს მსგავს თაფლისფერ თვალებში სიკეთე და სიყვარული ჩასდგომოდა, საოცრად ლამაზი ღიმილი ჰქონდა, წმინდა და სპეტაკი, რომელსაც არასოდეს გადაერბინა ბოროტებასა და ავსულს...
კლასში რვა მოსწავე იჯდა, მეტიც იყვნენ, მაგრამ გაგანია ომის წლები იყო და ვერ მოდიოდნენ სასწავლებლად, დედებსა და ბებიებს ოჯახურ საქმეებში ეხმარებოდნენ, საღამოს კი კოჭობის მჟუტავ შუქზე, თავად მშობლები შრომისაგან დაქანცულები მიუჯდებოდნენ და ასწავლიდნენ წერა-კითხვას შვილებს, დღეს კლასში ოთხი მოსწავლე გამოცხადებულიყო. _სად არიან დანარჩენები?! _ გაბზარულ ხმაში, სევდა ეტყობოდა ცაცუს, გაბუტული ტუჩები ვარდის კოკორივით გადმოფურცლოდა,. `ცუდად არიან ნეტავ?..~ ხმამაღლა გაიფიქრა და მერხს უხმოდ მიუჯდა.
_ბროლისას დედა ჰყავს ავად... რუსუდანს წუხელ სიცხემ აუწია და ფეხზე ვერ დგება, ისედაც კაფანდარა გოგო.- მასწავლებელმაც კარი ჩუმად შემოაღო, სიჩუმე არ დაურღვევია გამეფებულ სიჩუმეში. ქარი ლეწავდა ღამეს, მხრებაჩეჩილი გადაფარვოდა ქვეყანას, გლეხური სახლის ფიცრებს აჭრიალებდა გაშმაგებული  და მოსვენებას არ აპირებდა დიდხანს, ხეებს შემოძარცვოდათ გაჟლეტილი სამოსი, წიოდა და კიოდა ეზოში ღამე... კართან ძაღლი ყეფდა გამუდმებით... ყეფა წუხილიან მოთქმას ჰგავდა და არა სტუმრობას მავანთა. თუთარჩელა მომტირალი თვალებით უმზერდა დედამიწას, ლეგა ღრუბლებიც არ ჩანდა, რომ მას ამოფარებულიყო და ქვითინით გული ეჯერა.
ჯარისკაცთა ბარათები ისევ მოდიოდნენ და კვლავ იკარგებოდნენ იმედით გაამზეურებულ გულში, ზოგის იგვიანებდა და ჭიშკართან იმედი ჯიქურ იდგა... სოფელში დაძრწოდა შიმშილი და ავადმყოფობა. სიღატაკე სიმინდისა და ლობიოს მოყვანამდე ფეხზე ყანყალებდა, გაცრეცილ ტანისამოსში დაემალათ ძვალი და ტყავი გამხდარ სხეულში გული უტოკავდათ, რომელშიც პაწაწინა იმედი ჩასკუპებულიყო დროის მოსაკლავად.
ჩონგური მამის სურათის გვერდითYეკიდა ცაცუს, მამა მღეროდა და სახსოვრად დატოვებულ ნივთს არავინ ეკარებოდა, ოთხი სიმიდან ერთი მოწყვეტილი ეკიდა, ხმა ჩაწყვეტოდა დადუმებისგან, მტვერს დაეფარა საკრავი. ბუხართან მიდგმულ ხის ტახტზე წამოწოლილან დედაშვილი, ორივე ერთიდაიგივე გასაჭირზე ფიქრობდა. ფიქრიდან შიმშილისაგან დაუძლურებული ძაღლის ყეფის ხმას გამოყავდათ ჩაფიქრებულები...
ანდრიც ბუხართან იჯდა თავის სახლში. კოტოში ლობიო თუხთუხებდა, ცოტა უკლდა მოხარშვამდე, ქაფი გადმოდიოდა და ნაკვერჩხალზე შიშინებდა. თავი ხელებში ჩაერგო და კლასელების ბედზე ფიქრობდა, ცეცხლის ალი დასთამაშებდა სახეზე, თვალები თუხთუხა ლობიოსთვის მიეჩერებინა, მაინც ვერ გრძნობდა და უთბობდა თალებს, ასე, რომ გიზგიზებდნენ ბუხარში და კედლებს ეხეთქებოდნენ ნაპერწკლები... ოთახს ანათებდა თუთარჩელასავით და უფრო მხიარული ჩანდა, ვიდრე ღამეში გამეფებული მთვარე...
_ რუსუდანს ბატონები დაუბრძანდნენ, სიმღერა, ცეკვა_თამაში უყვართ ბატონებს... _ ყვებოდა ჯარისკაცის ცოლი და მჭადისთვის ცომს ამზადებდა. ანდრი საოცრად იცოდა ჩონგურზე დაკვრა და დამღერება, ლამაზი და ხავერდოვანი ხმა ჰქონდა, სიმღერა იყო მისთვის ჰაერი და სუნთქვა, პური და წყალი, ფიქრი და ოცნება. უყვარდა სიცოცხლესთან ერთად და ტკბებოდა ნორჩი ცხოვრებით.
_ წავალ დედი, ვნახავ რუსუდანს. _ წამოხტა ბიჭი და ჩონგურს დაავლო ხელი.
_ არა, შვილო, ღამეა, სად წახვალ ვინ იცის ღამეში გზად ვის გადაეყრები, ეშმაკები ღამე დადიან და უსაფრდებიან ადამიანებს... ხვალ მოინახულე, დილით, დაატკბე შენი ჰანგებით... _ გაუღიმა თამარმა და ლოყაზე აკოცა.
_ მაშინ, ცაცუსთან გადავალ, იქ უნდა ვიმღერო, ყელში მომადგა სიმღერა, უნდა გადმოვღვარო ჰანგებად... _ დედამ არ შემაჩეროსო და ხელში ჩაბღაუჭებული ჩონგურით უკანმოუხედავად ოთახიდან კარებში გავარდა, გადაიარა ეზო, ჭიშკარი ღიად დატოვა, ორიოდე ნაბიჯზე ცაცუს კართან მისულმა დააკაკუნა. სმენად იქცა დედა-შვილი.
_ მობრძანდით, სტუმარი ღვთისააა,_მიაძახა ფეხზე წამომდგარმა მართამ. კარიც გაიღო და ანდრიმ შემოანათა გაბრწყინებული თვალები. სახე ქარისაგან ნაცემი გაფითრებოდა და სირბილისაგან გულამომჯდარი გული ბაგი-ბუგობდა, არ ეტეოდა, ამოვარდნას ლამობდა. _ შენი გულის ბაგა-ბუგი მესმის ანდრი _ მხარი მხარს ჰკრა ცაცუმ და გრძნობით გამთბარი ღიმილით გაუღიმა. ანდრიმაც ღიმილით დაუდასტურა, რომ გესმის ვხვდებიო და ჩონგური მოიმარჯვა... `ვაგიორქო მაა~ ამღერდა და სიცოცხლემ გაიხარა, უსულოდ ქცეულ სამყაროში სუნთქვა გახშირდა, ქარი მიწყნარდა და ანდრის მიუგდო ყური, ძაღლმა კი თავი ასწია და შემდეგ თათზე დადო, სიხარულის ცრემლი მოერია და მიტომ. სინათლის შუქმა თამაში იწყო, გამხიარულდა და გამოცოცხლდა ირგვლივ ყოველი. ბოროტებაში სიყვარული ჩაიღვარა და სიყვარულად იქცა, ბედნიერება შორი-ახლო დანარნარებდა და...
_ ეს შენთვის ვიმღერე, მახარია... _ თვალი თვალში გაუყარა ცაცუს და ორივემ მზერა დახარა, მართას არ გამოპარვია მათი სიმორცხვით ალეწილი ღაწვები და მოკიაფე თვალთა სხივი, ხელი ტუჩზე მიიფარა და ხელის გულში, ჩუმად, თამამად ჩაიღიმა.

*  *  *
იმ საღამოს არ დაეძინა ცაცუს, არც ანდრის დაეძინა. სიმღერამ კოცონი დაანთო მკერდში, სადაც გულში სიყვარული ჩიტივით ფართხალებდა და ამოფრენას ცდილობდა, სწადდა ეფრინა ცაში და ფრთები ლაღად გაეშალა. კოცონის ალზე იწვოდა და წვავდა სულ სხვა სიმხურვალის ცეცხლი, რაღაც უგრძნობი და აუხსნელი წვავდა და ტკბებოდა, სიცხის სიმხურვალით ტკბებოდა და სიკვდილიც არაფერი იყო, ამად ღირდა ამქვეყნად მოსვლაც და წასვლაც.
ომი დამთავრდა. გაიარა ხუთმა წელმა ერთიდაიგივე კადრებითა და მოვლენებით. გაიმარჯვა ფაშისტურ გერმანიაზე საბჭოთა ქვეყანამ, უამრავი გმირი შეეწირა და ვეღარ იხილეს მშობლიური მიწა, უამრავი მებრძოლი ჯანმრთელობაშერყეული დაბრუნდა, ზოგი აგვიანებდა და... ზოგს შინმოუსვლელი დაერქვა დღემდე. ელოდნენ შინ და ყოველი დღე ტყუპებს ჰგავდა,  ერთფეროვნებაში გადიოდა, ჯარისკაცები არ ჩანდნენ...
ანდრი და თამარი ყოველდღე გაჰყურებდნენ შარა-გზას, უიმედობა ჩანდა მათ თვალებში, მაგრამ გული კარგსა და სასიკეთოს უქადდა. დავაჟკაცებულიყო ანდრი, სილამაზით გამორჩეული და წარმოსადეგი, სოფელში ბევრ გოგოს უთრთოლებდა გულს, ამბობდა, სანამ მამა არ დაბრუნდება, ცოლს არ შევირთავო. აწყლიანებულ, ცრემლმორეულ მზერას დახრიდა, ჩაფიქრდებოდა უსასრულოდ... როცა, შინმოუსვლელის ბედზე ფიქრობდნენ ბუხართან მიმსხდარი დედა-შვილი, შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, კარი დაუკაკუნებლად, ჯარისკაცის ფორმით შემოაღაო გაღიმებულმა ახოვანმა მამაკაცმა... გული წაუვიდა თამარს მოულოდნელობისაგან, სიხარული დუღდა და ნაპირს გადადიოდა, მეზობლები, ახლობლები, ბავშვები მორბოდნენ და იზიარებდნენ ოჯახის ბედნიერებას_მამასახლისის შინ მშვიდობით დაბრუნებას. ხალხით შემჭიდროვებულ ოთახში ცაცუ შეერია. კართან მდგარ ქალს ამოეტუზა. ანდრიმ იგძნო მისი შემოსვლა და თვალებით მისი მზერა მიიზიდა. გოგონა უფრო ლამაზი და სიყვარულით დამშვენებული ეჩვენა. მიუახლოვდა  და ყურში ჩასჩურჩულა: აწი ყოველდღე გიმღერებ, მახარია, ყოველდღე...
_ მოსალოცად მოვედი, თოლიგე, გილოცავ მამის დაბრუნებას... _ და სიმორცხვით ლოყააწითლებული კარებში გავარდა. `ყველაზე ლამაზი ჩემი მახარიაა, ჩემი მახარია...~ გაიფიქრა და სხეულში სიამე ჩაეღვარა ანდრის.
*  * *
რაც დრო გადიოდა, სიყვარულიც იზრდებოდა დროსთან ერთად, დროსთან ერთად იზრდებოდა წლები და უკან რჩებოდა მთელი საუკუნე _ დედამიწის გაჩენიდან დღემდე. რამდენი იტრიალა დალოცვილმა დედამიწამ მზის გარშემო და რამდენი დღე ღამედ გაათენა. რამდენს სწვევია ბედნიერი თუ უიმედო სიყვარული, ფერებით მოუხატავთ სახლის კედლებზე და საკრავზე ჰანგებად დაუღვრიათ, მუზა ღმერთთან დაუსვამთ და ლექსი ლოცვად აღუვლინებიათ, წიგნის ფურცლად ჩაკეცილა და საუკუნიდან საუკუნეში გადაფურცლილა... აი, ასე მეორდება დასაბამიდან და განმეორდება კიდეც. შემდეგ ჩვენსას გაიმეორებენ და არ დავიკარგებით... თავად ცხოვრება ქმნის შემოქმედებას, ჩვენ ვართ ყოველგვარი დასაწყისი მარადიულობის...
ქორწილი უნდა დავაჩქაროთ, ბრძანა ანდრის მამამ, და მართას ბედნიერებით თვალი გაბრწყინებოდა, უხაროდა ქვრივ ქალს სანდო ოჯახთან დამოყვრება. ერთადერთი ქალიშვილის გარდა არავინ გააჩნდა საბრალოს.
ცაცუს სითბო დაჰკარგვოდა, მზე არ უთბობდა სხეულს, მეგობრებიც მიივიწყა და მარტო ყოფნას ეტანებოდა, ანდრი როცა სტუმრობდა ჩონგურით, მაშინ თუ გადაირბენდა ღიმილი მის ეშხიან სახეზე, სიგამხდრეს ატყობდა დედა, მაგრამ ალბათ, ძალიან უყვარს ანდრი და იმიტომ შეცვალაო. ანდრის არ მოსწონდა ცაცუს უგუნებობა, ეჭვებსაც მიეძალა შეყვარებული, მაგრამ ამის საბაბს არ იძლეოდა. ზოგჯერ, განმარტოებას მიჩვეული, მარტო ტოვებდა და ოთახში ჩაიკეტებოდა. გაურბოდა ყველასა და ყველაფერს. ცრემლად იღვრებოდა, წერდა, ცრემლებით ავსებდა და ხევდა... ისევ დაუწერელ ქაღალდს აიღებდა, მოხატავდა ყვავილებით, მზითა და უამრავი გულით, ისარს გაუყრიდა და ბზარს დააჩენდა... შემდეგ, აწეწილი ნერვებისგან დაღლილს მიეძინებოდა.
*  *  *
გაზაფხულს ყვავილებით მოეხატა გულმკერდი ქვეყნისა. ზამთარს სიცივისაგან გათოშილ ბუნებას მერცხლების ჭიკჭიკი უბრუნებდა ხალისს. ომის შემდგომ წლებს დაეტყო მამაკაცის გაწეული უღელის ჯაფა, `ოდოია~-ს ხმები მოისმოდა ყანიდან, შიმშილი ზურგშექცეული მიიპარებოდა და ფეხზე მყარად დგებოდა მოსახლეობა, ცხოვრება თავისი დინების რეჟიმით მიდიოდა, ჭირსა თუ ლხინს ერთად იზიარებდნენ. დაუსრულებელი იყო ომის თემა, მერამდენედ ჰყვებოდნენ ომგადახდილები  ნანახ, განცდილ და საგმირო საქმეებზე, აქებდნენ და ადიდებდნენ სტალინს. როგორ აღმართეს რაიხსტაგზე ჩვენი ქვეყნის დროშა და როგორ იზეიმეს გამარჯვების ცხრა მაისის დილა.
ანდრი, ანდრის მამა და მეზობელი ბიჭი მართას ყანას ამუშავებდნენ, თან არ ელეოდა ომის თემაზე საუბარი ანდრის მამას. საოცარ სურათებს ხატავდა და თვალწინ წარმოუსახავდა კადრებს, შემდეგ, ჩაფიქრდებოდა,  თავს დანანებით გააქნევდა და მზისაგან გამხმარ მიწას დაუნანებლად ხეთქავდა...

_შვილო ცაცუ... კალათაში ჩავაწყვე ცხელი კერძები და ყანაში მიურბენინე მათ. ცოდვაა ის ნაომარი კაცი, ამ სიცხეში დაუზარელად მუშაობს. _უთხრა შვილს, ცხელი მჭადები ტილოში შეახვია და ზედ ყველსა და ლობიოზე დააწყო. ცაცუმ ზანტად მკლავებზე მოაქცია პატარა კალათა და სლასვნით ეზოდან გავიდა.
ანდრი გაახარა ცაცუს გამოჩენამ, გოგონამ მდუმარედ გაშალა სუფრა, ღიმილი სილამაზეში ჩაკარგულიყო, მზერა ძირს დაცოცავდა და გაოფლილი შუბლი უღიმღამოდ უბრწყინავდა, წამოდგა, კოკას წაავლო ხელი და წყაროსთან გაუდგა გზას... წყაროზე ჩრდილქვეშ ეამა დასვენება, თავბრუ ეხვეოდა და წამოდგომას აგვიანებდა. ანდრის ცუდად ენიშნა დაგვიანება და თოხი მყისვე მიაგდო. გაიქცა გოგონას ნაკვალევზე, გულწასული აბიბინებულ მდელოზე მისვენებოდა, ბიჭი გაფითრდა, მიხვდა, ავად იყო. დღესაც ფერდაკარგული ეჩვენა და უხალისო.
_ მახარია, თვალები გაახილე... მახარია... _ათთროლებულმა და აცახცახებულმა გოგონა ხელში აიყვანა და სახლისაკენ სირბილით აჰყვა ფერდობს, ქვაზე წაბორძიკდა და მუხლებზე დაეცა, ცაცუს გმინვა აღმოხდა, ქუთუთოები მძიმედ ასწია და მშვიდი ღიმილით გაუღიმა, ღიმილმა წამით გადაურბინა და დაიკარგა...
_ თოლიგე, ვკვდები... _პაწაწინა ცრემლი აუკიაფდა თვალებზე და მკლავზე თავი უღონოდ გადაუვარდა.
_ არა, მახარია,... ჩვენ ერთად ვიქნებით და გავიხარებთ, რა დროს სიკვდილია, მახარია... კარგად გახდები, ექიმები მოგარჩენენ უთუოდ, ისევ ცქრიალა და მხიარული მახარია იქნები... ისევ გიმღერებ ათასჯერ, მილიონჯერ მახარია... _ანდრის ცრემლები უსველებდა ცაცუს გულისპირს და ორივე სიცოცხლის წინ დაჩოქილები, სიცოცხლეს ითხოვდა. ცა და მიწას შორის შველას ითხოვდნენ სიყვარულის გადარჩენისათვის შეყვარებულები...
* * *
ცაცუს სისხლის მძიმე ავადმყოფობა აღმოაჩნდა, სახის ფერი ყოველდღე უფრო და უფრო თეთრდებოდა, ლოყებზე ვარდისფერი გადასვლოდა, თვალები ჩაცვენოდა, მაგრამ სიყვარული ციმციმებდა მზერაში. ზოგჯერ,  კედლისკენ შორს გასროლილ მზერას მიაპყრობდა, ჩაიღიმებდა არამქვეყნიური ღიმილით და საბანს ამოაფარებდა. მართა დაჩოქილი, სანთლით ხელში ხატის წინ ღმერთს ევედრებოდა და ერთადერთი იმედის გადარჩენას ითხოვდა.
ანდრი შემოვიდა ოთახში, მართა მიუხლებში ჩაუვარდა და ევედრდა:
_ მხოლოდ შენ გცემს ხმას, შვილო, მიდი, რამე დააცდევინო იქნებ... _ქვითინებდა და იატაკზე დამხობილი მოთქვამდა...
_ მახარია, შემომხედე... მახარია... _მიეყვავა ანდრი. ცაცუს ცრემლები გადმოუცვივდა და ძალდატანებით გაუღიმა_არ გიმღერო მახარია?..
ცაცუს თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და თვალებში მიმქრალი ვარსკვლავი გაუბრწყინდა. ანდრმა ჩონგურს ჩამოჰკრა და `ვაგიორქო მა...~ აამღერა. იღვრებოდა სიყვარული ჰანგებში, სიჩუმეში განცდა სიკვდილისა, სიყვარულსაც ენანებოდა  წყვილის გათიშვა. სიცოცხლე თავს დასტრიალებდა და ტიროდა... პირისპირ შესცქეროდნენ ერთმანეთს_ სიკვდილი და სიცოცხლე...
_ თოლიგე... _შეაწყვეტინა ცაცუმ.
_ ჰო, მახარია... მითხარი... გამეცი ხმა… _ სიმღერა შეწყვიტა და თავზე წაადგა ანდრი, ცაცუმ გადმოხედა, `ვაი~ დაიგმინა და ტუჩებზე შეაკვდა...
* * *
საფლავზე აღამებდა გამქცევი გაზაფხული, სულთამხუთავი ზაფხული შემოდიოდა. მართა გვერდით მიუწვებოდა შვილის საფლავს და მთელი ღამე თვალღია შეყურებდა გაციებულ და მდუმარე საფლავს, ანდრი მოულოდნელად დაადგებოდა ჩონგურით ხელში და გულში ნაღველმოწოლილი ცაცუს საყვარელ სიმღერას ჩამოჰკრავდა... უმღეროდა მახარიას, მას არ ესმოდა თუ ესმოდა, მაინც სულში სიყვარულის სითბოს ათბობდა, ფანტავდა ირგვლივ და გულზე დაყრილ მიწას ეფერებოდა, თითქოს, ამ სიმღერით  ხელით ეხებოდა ცაცუს ხელებს, ღიმილს, მზერას, ვარდისფერ ლოყებს გულში იკრავდა... დილაც გაიღვიძებდა და საფლავს შერჩენილი სიზმარი და ოცნება, ტკივილი და სევდა გვერდით ედგა. ასე მეორდებოდა აუხდენელი ოცნების ყოველი დღე და ღამე...
ზაფხულის მკათათვეს, როცა დილიდან სიცხით გავარვარებული მზე ამოდის, როცა ჩრდილქვეშ მოგიჭერს კისერზე ხვატი და ჰაერს გტაცებს, ბავშვები თხებს მიერეკებოდნენ ყანისაკენ მიმავალ გზაზე, სადაც ტყე იწყებოდა და ფართოდ გაშლილიყო. სირბილისაგან გახურებულს წყლის წყურვილის მოკვლა მოუნდათ და წყაროზე ჩაირბინეს,წყაროს პირას შავებში ქალი პირაღმა გაშხლართულიყო და თვალები ღიად შეცივებოდა. ბავშვებმა იცნეს,ცაცუს დედა არისო და კივილით ამცნეს სოფელს...
მეზობლებმა კარ-ფანჯრები ფიცრით ჯვარედინად აჭედეს, ძაღლმა სირბილით ჩაიარა ეზო, ქუჩა და სოფელიც... კოკა ისევ კიბეზე იყო შემომდგარი. ობლობა ბატონობდა ღარიბულ სახლ-კარში, ქარი გადაიქროლებდა მხოლოდ და მთვარე გადმოჰყურებდა ღრუბლებიდან მოცქირალი... ჭიშკარი ჩაიკეტა და ჩაირაზა, არავინ ახლებდა ხელს სახელურს, არ ჭრიალებდა და მოძრაობდა სიცოცხლე, სასაფლაოს ჰგავდა, სადაც მხოლოდ იმ ქვეყნიური ცხოვრებით ცხოვრობენ სულები...
ანდრიმ ზურგზე მოიკიდა ბარგი და ჩონგური, გამოემშვიდობა მშობლებს და ჭიშკარი ხელისკანკალით გააღო, გადაიარა მახარიასა და თოლიგეს ნაკვალევი ქუჩები, ნამღერი და ნალოლიავები ხეთა ჩრდილი და წყაროს რაკრაკი, სადაც, ცაცუს ავადმყოფობამ ფეხები მოცელა, ხელში ატაცებული, მუხლებზეშემდგარი ღმერთს ევედრა... აი, სკოლა... სკოლის ზარი დაირეკა, მასწავლებლის ხმა სიოს რხევით ფანჯრით გამოდის და ანდრის სმენამდე სწვდება აი, ეს მათი კლასის ფანჯარა, ცაცუ არ ზის და არ ხატავს ანდრის, ვერა, ვერ აცილებს ქალაქისკენ მიმავალს... შეჩერდა ანდრი, გული ჩაიძირა სადღაც სიშავეში, ჩაიძირა და ჩაიკარგა. ამოისუნთქა ღრმად და ნაბიჯი გადადგა, წავიდა, გზას გაჰყვა და იქნებ, ცხოვრების სხვა ბედს ეწიოს, არ შეახსენებს ახალი ცხოვრების გზა და ბილიკები მახარიას, შეუმსუბუქებს დარდებს, იარას მოიშუშებს, არ შეახსენებს დილა და საღამო, ცა და მიწა, არ შეახსენებს და მოურჩენს ტკივილს, რასაც ცაცუს დაკარგვა ჰქვია. სადაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა მოხდეს, მასზე ილოცებს, მისთვის მახარია ერთადერთია.
*  *  *
მას შემდეგ, არავის უნახავს ადრი სოფელში დაბრუნებული, გაიარეს წლებმა და ჭაღარა გარეულ სოფელში არაფერი შეცვლილა, ცხოვრების წესსა და რიგს შეჩვეული ადამიანები მის მდინარებას მიჰყვებოდნენ, ზოგან ბედნიერება ზეიმობდა, ზოგან ცრემლი და მწუხარება... ზოგან იმედი იჭყიტებოდა უიმედოთა შორის... მოდიოდა წვიმა თქეში და მას ქარი მოჰყვებოდა, გადაწმინდავდა ცრემლებით დანამულ ღრუბლებს და მზე გამოჰყოფდა შუბლს, მოდიოდა თოვლი და იყო სიცივე, ხეებს ცვიოდა ფოთლები და ჭკნებოდა ყვავილები, მოდიოდა გაზაფხული და ისევ თავიდან იწყებოდა სიცოცხლე... დასაბამიდან ასე ბრუნავდა დრო, ამ დროით ცხოვრობდა ცხოვრება, ერთმანეთს ცვლიდნენ ერთმანეთი გაჰქონდათ...
შვილზე მონატრებული დედ-მამას, ვეღარ უჩერდებოდათ გული სოფელში. წავიდნენ და არც ისინი დაბრუნდნენ, ერთხელ ჩამოვიდნენ მხოლოდ, ორი დღე_ღამე გაათენ_დააღამეს და შვილის გზას დაადგნენ. მას შემდეგ არ ჩამოსულან, სახლ-კარი მიატოვეს, არც ანდერძად გადასცეს ვინმეს. დაკეტეს და წავიდნენ.
...წლები გარბოდნენ, კვდებოდნენ და ისევ თავიდან იბადებოდნენ...
დღესაც დგას მახარიასა და თოლიგეს სახლი პატრონის ამარა. აივანზე აღარ დგას კოკა, დროთა ჟამში ჩამოვარდნილა და ნატეხებად ქცეული მიწას ჩაუკრავს, აივანზე ლეღვის ნერგი ამოხეთქილა, ქარს ბოძი შეურყევია და სახურავი გადაუხრია, საკვამური დაშლილა, მწვანე ხავსი მოდებია კრამიტს, მარტოობა დადიოდა და მონატრება ყვიროდა... ანდრის ეზოშიც სიცივე დაჰქროდა...
... დღესაც, სოფლის მავანნი ამბობენ, ცაცუს სახლიდან ჩონგურზე დამღერებული ანდრის `ვაგიორქო მაა~-ს ჰანგები მოისმისო, მათი სულები დღესაც ერთმანეთს ხვდებიან და ციდან ჩამოსულები მიწაზეც ერთად დადიან, ოღონდ დღე ადამიანებს თავს არიდებენო. ქარიან და მთვარიან ღამეში მოისმის ქალ-ვაჟის შეხმატკბილებული ხმები...
წარსულიდან მოსულან და აწმყოს გაუცოცხლებიათ შეყვარებულები. წლები კვდებიან, მაგრამ ისევ იბადებიან თურმე...



-------------------------------------------------------------------------------------------------------------
განძად შენახული საიდუმლო

      ნამდვილი ამბავი          როცა მზე მიადგება ფართო, ხარბი თვალებით კიბის საფეხურს, დავით კვაშილავა ჩამოჯდება ხოლმე და ყალიონის ბოლში გახვეულს სახე ბუნდოვნად უჩანს, უხმოდ ზის და შორს, წარსულისკენ იხედება... ისე ღრმად იხედება, წარსულისკენ, მობრუნებას არც კი ცდილობს და ცხოვრებას საცაა დაასრულებსო, გაიფიქრებს კაცი, ღრმა ნაოჭიან სახეზე დასტყობია დარდი, დაღად ჩაცვენილ თვალებიდან მოჩანს ტკივილი სულისა, ისეთი ძლიერი ტკივილი, სიკვდილამდე რომ გაჰყვება...
საიდუმლოს შენახვა გმირობაა, თუმცა ძია დათიკოსთვის, ეს არ არის ძნელი საქმე, ის პრინციპული, პირდაპირი და მებრძოლი სულის ადამიანია. ძუნწად საუბრობს, საქმის კაცია...
...ჭიშკრისაკენ იხედება, ლოდინი ღლის, კიდევ ცოტახანს დაიცდის, მანამ, სანამ მზე არ გადაუგორდება თავზე...
* * *
მზეს ნახევრად დაეხუჭა თვალები. ძილს აპირებდა და სამყაროც მოთენთილიყო ზაფხულის ხვატისაგან. ბებერი ძვლები გამთბარიყო, მაგრამ სული ისევ ცივად, უხეშად ბოგინობდა, მოთმინებას კარგავდა და ილეოდა.
ჭიშკრის სახელური აჩხაკუნდა. ნანა მოვიდა, უფროსი ვაჟის ქალიშვილი. ნანა მოვიდა და მზადაა გადმოულაგოს გულში ჩამარხული `განძი~, გააოცებს, ნანას და კიდევ  მეორე შვილის, ვაჟს, ორივეს სხვადასხვა დროს ეტყვის და მერე... მისი სული მარადისობაში მსუბუქად ინავარდებს, ტვირთს მოიხსნის, ცხოვრებით დამძიმებულ ტვირთს.
იმ საღამოს კოკისპირულად წვიმდა. გაგიჟებისაგან თავს იკლავდა ქარი, საცაა ხეებს ფესვიანად ამოგლეჯსო, ძაღლი კარებთან ფხაკუნობდა, შემოსვლას ითხოვდა, ბუხრის მარჯვენა მხარეს კატას თბილად ეძინა და შფოთიანი სიზმრის გამო ძილში კვნესოდა, ხოლო მარცხნივ ძია დავითი ყალიონის ბოლში გახვეულიყო, სიჩუმე გამეფებულიყო, ყველანი ხელსაქმით იყვნენ დაკავებულნი, ქალ-ვაჟი მაგიდას შემოსხდომოდნენ და ნარდის თამაშით აზარტში შესულები, მთელი განცდებით კამათელს აგორებდნენ, ნანა და თემური რაღაცაზე ჩურჩულებდნენ, რძალ-დედამთილი გვერდი-გვერდ დამსხდარიყვნენ და ბუხრის კენწერომდე ასულ ცეცხლის ალს მისჩერებოდნენ. ლამპა სუსტად ანათებდა და მოწყენილობას  უწყობდა ხელს, სიჩუმეს კამათლის გაგორების ხმა აშინებდა მხოლოდ...
ბერიკაცი აწრიალდა. ყალიონი მთელი ძალით მოქაჩა და ბოლის ღრუბლები დააყენა, გულის ნაღველი ამოაყოლა ნაფაზს... ნაოჭიანი, დაძარღვული ხელები გაშალა, დახედა და სიმღერით წაიღიღინა `ჩემო, ცი-ცი-ნა-თე-ლა...~
 * * *
დილა ჩვეულებრივ გათენდა, წვიმა ღამეს შთაენთქა და მზე გამოპრანჭულიყო ქარისაგან დაქარულ დედამიწაზე. გრილი ჰაერი ფანჯრიდან შემოდიოდა და ნაზი სიო დანავარდობდა ოთახებში.
ნანამ თვალები გაახილა და ხომ  არ მომეჩვენაო, შეკრთა, ლოგინთან ჩამომჯდარი ბაბუის მოულოდნელ დანახვაზე, გამოღვიძებას შევესწროო და თვალს არ აცილებდა მოხუცი `რა დრო გასულა, რამხელა გაზრდილა ჩემი შვილიშვილი...~ ფიქრობდა და თან ჩქარობდა გოგონას გამოღვიძებას, აი, გაეღვიძა კიდეც და ბაბუამ ღიმილი შეახვედრა, მოეფერა შუბლზე და ღაწვები დაუკოცნა.
_ ჩქარა წავიდეთ, ბაბუ... არ დავაგვიანოთ... _მავედრებელი თვალებით ჩახედა დავითმა და წასასვლელად წამოდგა, აჩქარებდა გოგონას და გზისკენ გაურბოდა მზერა.
_ სად მიგყავარ, ბაბუ? _უკვე მიმავალმა, შუა გზაში გამოფხიზლებულმა გოგომ ჰკითხა ბაბუას და გაოცებული გახედა. მოხუცი დუმდა, კითხვაზე არ პასუხობდა, მხოლოდ `მოიცა~-ს სიტყვებით მიიწევდა და გზას დასასრული არ უჩანდა, მზე აცხუნებდა, უჭირდა სიარული,  ძალდატანებით დგამდა ნაბიჯს, ცდილობდა როგორმე მიეღწია გამიზნულ ადგილამდე,  გრძელი და ღორღლიანი შარა უთქმელად გაიარეს...
_ აი, ამ ლოდზე დამსვი, ბაბუ_წაბორძიკდა დათიკო და ნანამ ხელი შეაშველა, _შენ, აი, ამ მეორე ლოდზე ჩამოჯექი და რასაც მოგიყვები, ყურადღებით მოუსმინე... _ნანამ სამი დიდი თეთრი ლოდი და ლოდთან სამი მოზრდილი მუხის ხე დაინახა, რომელიც დევივით ადგა თავზე, დაკვირვებაში გართულმა გოგონამ ვერ შეამჩნია,  ბაბუა ცრემლებად იღვრებოდა. შვილიშვილს გაუკვირდა, თავის სიცოცხლეში არ ენახა მოხუცისაგან ასეთი ბავშვური ტირილი...
_ კარგად მომისმინე, შვილო... სდაიდუმლო უნდა გაგანდო, ერთი პირობით ოღონდ, არავის უთხრა ჩემს სიკვდილამდე. როცა დარბაზში დამასვენებენ, აი, მაშინ მოუყევი ბებიაშენს, რასაც ახლა გეტყვი. მანამ, არ მინდა გული ვატკინო, ისე განვლე ცხოვრების უსწორ_მასწორო გზა, რომ არასოდეს არავისთვის მიწყენინებია, სიკეთე მითესია ქვეყნად, მაგრამ უმადურმა ცხოვრებამ დამჩაგრა... _თავი ჩაქინდრა და ამბის მოყოლა დაიწყო...
,,_ ოჯახში სამნი ვცხოვრობდით: მე, დედა და უმცროსი დაიკო, მაშინ, თუთხმეტი წლის ვიყავი, ქარიან ამინდში თივის ზვინს შემთხვევით ცეცხლი წაეკიდა და ჩემი და, რომელიც შვიდი წლის იყო, ცეცხლის მსხვერპლი გახდა. დედამ ვერ აიტანა ეს უდიდესი ტრაგედია და ფსიქიკურად დაავადდა. დაიკო ეზოში დავასაფლავეთ, დედაც მალე გარდაიცვალა და ჩემი გაზრდა მამიდამ იკისრა. ახლა, რაც შეეხება ჩემს პირადულ ამბავს... ჩვენთან აქ სოფელ გაღმა საჯიჯაოში, სადაც დღეს, მეცხოველეობის ფერმაა, მის მახლობლად ერთ-ერთ ოჯახში, ვარდობის თვეში, ქორწილს იხდიდნენ, მე და ჩემი მეზობელი გვარად ჭანტურია მოწვეული ვიყავით. ორივემ ცხენები შევკაზმეთ და გავუდექით ქორწილისაკენ გზას. ისეთი მშვიდი და ლამაზი ღამე იყო, პოეტობაც დავიჩემე და ლექსად ვიქეცი. საოცარი გრძნობა დამეუფლა, თუმცა ბედისწერაა, ადამიანის იღბალი წინასწარ არის ზეციურ წიგნში დაწერილი და ჩვენ ამას იდუმალი ხმით ვგებულობთ, იდუმალი კარნახით... რაღაც მიხაროდა, სადღაც, ვიღაცასთან მიმიხაროდა, ჩემს მეგობარს გავუზიარე ჩემი წინათგრძნობა, მეც იგივე შეგრძნება მაქვსო და ზღაპრული შეგრძნებით, ზღაპრული ოცნებებს აყოლილნი ცხენებს მარდად მივაჭენებდით. უკვე კარგა შეზარხორშებული იყვნენ მექორწილენი, როცა ჩვენი მერნებით შევფრინდით ეზოში, სიმღერები, ცეკვა, სიხარული და ბედნიერება ზეიმობდა...
_ მობრძანდით, ბატონებო!_შემოგვეგება ოჯახის უფროსი. სუფრის შუაგულში დაგვსვეს, ჩვენს წინ მსხდომი  თანამეინახენი, ლამაზი ქალიშვილები აღმოჩნდნენ. მომღიმარ მზერას მალიმალ შემოგვაპარებდნენ და ღიმილშეპარულ ტუჩებზე ცეცხლი ეკიდებოდათ.
_მე შურა მქვია, ეს კი, ჩემი ბიძაშვილია_გახედა გვერდით მჯდომს და მანაც გაცნობის ნიშნად თავი დააქნია.
_ სასიამოვნოა, მე დავითი მქვია, მოფერებით დათიკოს მეძახიან, ეს კი ჩემი მეზობელია... გავაცანი ჩემი მეგობარი და მოხდა ისე, რომ  ჩვენი წინათგრძნობა, უჩვეულო განცდები გამართლდა. ამ დროს, სასიამოვნოდ იფრქვეოდა `ჩემო, ციცინათელა~-ს მელოდია, იმ წუთას ისეთი სიძლიერით შემიყვარდა ეს მელოდია, ისეთი სულისჩამწვდომი იყო, ბედნიერება უფრო და უფრო მიახლოვდებოდა... სიყვარული თანდათან მისახლდებოდა გულში, მაგრამ ვერ ეტეოდა, სამყარო არ ეყო დასატევად... სხვა შეუცნობელი, სხვა პლანეტაზე ცდილობდა გადაადგილებას, ჩვენგან შორს გარბოდა ისევ ბრუნდებოდა და ისევ თავზე გვეხვეოდა. მოვიკრიფე ძალა და გავბედე, სულმოუთქმელად წარმოვთქვი: _ ჩემო შურა! თქვენ, ჩემი ციცინათელა ხართ და ამ საღამოს ჩემი მეუღლე უნდა გახდეთ... უთქვენოდ არ წავალ ამაღამ სახლში... _შურას ფართო, დიდრონი თვალები, უფრო გაუფართოვდა გაოცებისაგან, ჩვეულებრივი ღიმილი გაქრობოდა და ეგ, ღიმილი... ჯადოსნური მეჩვენა, ღაწვები ვარდისფერი ხდებოდა და სხეული უცახცახებდა...
ქორწილი დასასრულს უახლოვდებოდა ჩვენ, შეუჩერებლივ ვცლიდით სადღეგრძელოს სასიყვარულო ლამაზი სიტყვებით და ვავსებდით სასიყვარულო გრძნობების ფიალას. ჩემი მეზობელიც ცურავდა სიყვარულის ზღვაში შურას ბიძაშვილთან ერთად და სიამეს ჰგვრიდა ტალღებთან დგაფუნი და თამაში... დაწყვილდა ჩვენი გრძნობები და `ჩემო, ცივინათელა~-ს ჰარმონია მიგვაცილებდა გზისპირამდე, მივდიოდით ცაზე მაღლა, რომელიც სამყაროს ღმერთივით გადმოვხედავდით თუმცა, სიყვარული ხომ ღმერთია, ღმერთივით მაღალი, მართალი, ძლიერი და წმინდა.
გამთენიისას, ხობის მონასტერში ორივე წყვილმა, მე და ჩემმა მეგობარმა ჯვარი დავიწერეთ. ზანისწყალთან გავიყარეთ და საკუთარი სახელებისკენ გვირგვინ დადგმულები გავუდექით გზას... მამლის ყივილზე სადღეგრძელო ავსწიეთ და ჩვენი მომავალი ვადღეგრძელეთ.
დრო გადიოდა, დრო ხომ ქურდივით შემოგვეპარება და ისევ ჩუმად და წყნარად წავა, წავა და არც მობრუნდება... ჩვენი სიყვარული მით უფრო განმტკიცდა და ძლიერი გახდა, უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით, მალი-მალ გულში ვიხუტებდი და თვალებს ვუკოცნიდი. შურამ ქალური სიმშვენიერით, ოჯახს გულმოდგინებით მოჰკიდა ხელი, ობოლ გოგონას ბედმა გაუღიმა, მისი ბედნიერება ასმაგად მახარებდა, ერთად ვწევდით ცხოვრების ჭაპანს და ყოველგვარ განცდას ერთად ვიზიარებდით. მზეს მივწვდი, როცა მისი ფეხმძიმობის ამბავი შევიტყვე.
ზოგჯერ კერძებსაც მე ვამზადებდი, ქალის საქმეებს ვითავსებდი და ვცდილობდი სიხარული მომენიჭებინა, ოღონდ მუდამ ბედნიერი მენახა...,,
მოხუცი შეჩერდა. თვალებზე ცრემლი შეშრობოდა, ტირილი გადაავიწყდა, თხრობას სხაპასხუპით აგრძელებდა, ნიავი თეთრ თმას ნაოჭიან შუბლზე დასთამაშებდა, სახე გაფითრებოდა, თვალებში სიცოცხლე არ იდგა, კანკალებდა და ტუჩები უთრთოდა. მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითი საფეთქელზე ნაზად მოისვა. სიჩუმეს, ახლად მონაქროლი მსუბუქი ქარის ჩურჩული არღვევდა.
,,_დღეები გადიოდა,_განაგრძო თხრობა მოხუცმა_სიყვარულით დაზაფრულები, ერთმანეთის გარდა, ვერავის ვხედავდით ჩვენს გარშემო. წუთებს და წამებს, დღეებს ვითვლიდით როდის მოგვევლინებოდა ჩვენი სიყვარულის ნაყოფი. ოცი წლის ვიყავით და ჩვენი ცხოვრება მარადიულად გვესახებოდა, არასოდეს დავბერდებოდით და არასოდეს გარდავიცვლებოდით, არასოდეს შევუშინდებოდით ცხოვრების მკაცრ კანონებს... ასე გვჯეროდა და ამ რწმენით მივსდევდით დროს.
_ დათიკო,, დათიკო!.._მაღვიძებს შუაღამე, მძინარეს, ცოლი.
_ რა მოხდა, ჩემო, სიცოცხლევ!_ვპასუხობ და გულში ვიხუტებ.
_ საჩქაროდ ბებიაქალი მოიყვანე, თავს ცუდად ვგრძნობ...
ტკივილისაგან აკრუსუნდა შურა _ კისერში რაღაც მიჭერს, ვიხრჩობი, ჰაერი... ჰაერი. _ მოეძალა ქალს ტკივილთან ერთად  ჰაერის უკმარისობა. შუაღამე ილეოდა. ქარი ლეწავდა ღამეს და Eღამეში ჩვეულ ტკივილებს, არც მთვარე ჩანდა და არც ვარსკვლავები. უკუნ ღამეში გზას ვერ ვაგნებდი. არ მახსოვს, რამდენ ხანში მივედი ბებიაქალთან და რამდენ ხანში გავჩნდი შინ. უკვე ჩემს `სიცოცხლეს~ ვადექი თავზე, თვალებს ძლივს ახლდა, ტკივილი უფრო უჭერდა სხეულზე, სანთელის შუქზე სახე გათეთრებოდა, ოფლი უბრწყინავდა უღიმღამოდ შუბლზე. ბებიაქალმა ხელის დაბანა მთხოვა თბილი წყლით, დავრბოდიOოთახიდან ოთახში, ხან რას ვეცემოდი და ხან რას, ოღონდ ჩემი სიყვარული გადარჩენილიყო, ვიდექი აივანზე და მხოლოდ ლოცვაღა შემეძლო მის გადასარჩენად, ღმერთს შველას ვთხოვდი და შავ ღამეში მთელი არსებით ხელებს ცისკენ ვეპოტინებოდი...
თენდებოდა, ცა ნათდებოდა. ქარიც გადაიკარგა და სამყარო მოლოდინად იქცა, მამლების ყივილი ახსენებდა თავს, მარტო არა ხართ, აი, აქა ვართ ჩვენც, ერთად გავიხაროთო... მამლის ყივილს, ჩვილის ტირილის ხმაც შეუერთდა.
_ბიჭია, ბიჭი!.._იხარა ხმამაღლა ბებიაქალმა და ბურთივით ჰაერში აათამაშა, სიხარულით მუხლები მომეკვეთა და დავიჩოქე. პირჯვარს ვიწერდი, ღმერთს მადლობას ვუხდიდი. მეჩვენა, ცა გაიწმინდა და განათდა, უზომო სიხარულისგან ვკანკალებდი... _შემოდი, ბიჭო! _ ოთახიდან დამიძახა ბებიაქალმა_ნახე შენი ცოლ-შვილი. მე წავალ, ნურაფრის შეგეშინდება, ყველაფერი რიგზეა. შენ აშენდი მეთქი და სამი თუმანი ჩავუჩეჩე ხელში. ის ლოცვით გავიდა ეზოდან. გამოცილებულზე, ერთი სული მქონდა შევარდნილიყავი ოთახში და ჩემი საოცნებო შვილი და ცოლი ჩამეხუტა, დამეკოცნა, მენახა ჩემი პირველი შვილი... კიბე დაძაბულობით ავიარე და კარი ჭრიალით შევაღე. შურას ფერი უფრო შეცვლოდა, უფრო ფერმკრთალი, ვიდრე იყო, ოფლით დანამული შუბლი დავუკოცნე, შვილი ხელში ავიყვანე და ჩემი ნოდარიკო, ჩემი ვაჟკაცი მეთქი, წარმოვთქვი, პატარა უკმაყოფილოდ შეიშმუშნა. მათი ცქერით გაუმაძღარს, არ ვიცოდი რა ჩამედინა, არ მჯეროდა, რომ მე მამა გავხდი და ჩემი სიყვარულისგან შემეძინა შვილი.,,
მოხუცმა შეწყვიტა თხრობა. ისევ ცრემლებმა იწყეს დენა. ნანა არ იძროდა, ცრემლებს, ცრემლებით პასუხობდა. იზიარებდა ბაბუას ტკივილს და ნატრობდა წუთიერად ღმერთად ქცეულიყო და წარსულის ბედნიერება, სიყვარული დაებრუნებინა.
,,_შურა მიითენთა, თვალები მილულა, ხმას არ იღებდა. სახეს ხელის გულით შევეხე, ის სიცხისაგან თრთოდა და ყელი შეშუპებოდა, კანკალებდა, კრიჭა შეეკრა და ჰაერის უკმარისობისაგან იხრჩობოდა, ვერაფერს ვერ მეუბნებოდა, შველას ითხოვდა... ვხედავდი, რომ ჩემი ბედნიერება მიდიოდა, რომ დროებითი ყოფილა და ოცნებები თავზე მემსხვრეოდა, ქრებოდა და იკარგებოდა... ჩავიხუტე, ამით მეგონა კანკალს შევაჩერებდი, შემომხედა, თვალებში ღრმად ჩამხედა, სიყვარულს მეფიცებოდა, მთხოვდა უფრო ძლიერსა და განუმეორებელს. მე მას მთელი ძალით ვიკრავდი გულში, მინდოდა ასე ჩახუტებულებს დიდხანს გვეცხოვრა მობეზრებამდე, გვსურდა, მაგრამ?.. წუთიერად ალაპარაკდა:
_დათიკო, ჩემო დათიკო..._დაიწყო ვედრებით, მთელი ძალით ეცადა თვალების ფართოდ გახელას, მაგრამ ვეღარ შეძლო_ნოდარიკო შენ იცი... მიყვარხარ... ვიხრჩობი... _კისერი შეშუპებოდა და ხრიალი აღმოხდა. ბავშვს ეძინა, მას არ ესმოდა დედის აგონია, არც ჩემი უბედურების, ეს მისი ბოლო სიტყვები იყო... მე არ მახსოვს, ჩემს თავს რა ხდებოდა. თავს მოვიკლავდი უთუოდ, რომ შვილიც მასთან ერთად დაღუპულიყო. მიცვალებულს გიჟური მზერით შევყურებდი და არ მჯეროდა სინამდვილის, ვეფერებოდი და პირუტყვივით ვბღაოდი, ვლეწავდი ყველაფერს, რაც კი ხელში მხვდებოდა, ვანგრევდი სახლის კედლებს და გარეთ გავრბოდი, მეზობლებს ვეძახდი და ჩემი ხმა ცის კარებს ანგრევდა, მინდოდა, მეც მასთან ერთად დამელია სული... ასე დამეკარგა, შურა დიფტერიამ იმსხვერპლა, ეს ავადმყოფობა გავრცელებული იყო და ბევრს წაართვა სიცოცხლე, ბევრი შეიწირა და გააუბედურა.
რამდენიმე დღის შემდეგ, დიდი პატივი მივაგე მის ხსოვნას და ჩემი დის გვერდით მივუჩინე სამუდამო ბინა. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ იმ დღეს, შურას გარდაცვალების დღეს, მისი ბიძაშვილიც დიფტერიით გარდაიცვალა... მას შემდეგ, ექვსი თვე იყო გასული, დრო ამ ხნის მანძილზე უხალისოდ გადიოდა, მაგრამ ჩემს შვილზე ფიქრი იყო მიზანი. არც ამ მიზნის განხორციელებისთვის დამინდო განგებამ, გამძარცვა და გამანადგურა სულისაგან, არ დამიტოვა ამოსასუნთქი ნაწილი... ნოდარიკომაც დედის გვერდით ირჩია ყოფა, დიფტერიამ შეუწყვიტა ნორჩი და უცოდველი სიცოცხლე... მამიდასა და დედის გვერდით `დავაბინავე~, დავრჩი მარტო, ბედნიერება, რომელიც მოვიპოვეთ ერთ დღეში, წამში დამენგრა, დავკარგე...
ამ უბედურებისაგან გავიდა სამი წელი და როგორც მითხრეს, ჩემი ეზო-კარი დაწყევლილი ყოფილა, მირჩიეს დამეტოვებინა საცხოვრებელი ფუძე და სხვაგან გადავსახლებულიყავი. ავიბარგე, სახლი დავშალე და იქვე მახლობლად, ახალ მიწაზე დავიწყე აშენება. ჩემი ოჯახის სასაფლაო, სადაც ეზოში, სახლის უკან მქონდა, სამი ლოდით ავღნიშნე... სადაც, ახლა ვზივართ და აი, ეს სამი მუხის ხე დავრგე იმის აღსანიშნავად, რომ დროთა სვლაში არ დაკარგულიყო, როგორც ხედავ, მის გარშემო ჩემს ნასახლარზე ტყე  გავაშენე, ჩემი ეზო სევდიანმა და აცრელებულმა დავტოვე... მიჭირდა ადგილის შეცვლა, მეგონა ჩემს დაიკოს, ცოლ-შვილს სამუდამოდ ვემშვიდობებოდი და ვტოვებდი, ვერასოდეს მოვინახულებდი, ვერ ვიმეტებდი და მათთან დაშორება მიხდებოდა... გახსოვდეს, ბაბუ, ვარდობისთვეში ნუ გათხოვდები, ნურც ვინმე გაბედნიერდება, თურმე ამბობს_`თვითონ ვარდი ვარ, ლამაზი და შენ მართმევ ამ სილამაზეს?.. ნურც გაიხარებიო~...
მას შემდეგ, კიდევ ხუთმა წელმა განვლო. მოსახლეობა უფრო მჭიდრო გახდა, გამრავლდნენ და მით უფრო სიცოცხლე დაეტყო ჩემს სოფელს, ცხოვრება ცოცხალი ადამიანისთვის ყოველთვის იმედით გრძელდება, მეც შევურიგდი ბედს, რომელიც უნდა მეცქირა ხვალინდელი დღისათვის, რომელიც არ ვიცოდი რას მიწინასწასრმეტყველებდა, ღმერთმა ჩემი ამბავიც თანდათან დავიწყებას მისცა.
ერთხელ, მწუხრისას კარის მეზობელთან ნარდის სათამაშოდ მივედი. აივანზე ახალგაზრდებს მოეყარათ თავი. ზაფხულობით იციან სოფელში სტუმრობა, მაშინვე შესვლისთანავე აივანზე უცნობ ქალიშვილს მოვკარი თვალი, მისმა ღიმილმა, ჩემი მწუხარების შემდეგ, გულში ქალისადმი მოძალებულმა სიამემ  პირველად დამკრა, ჩემს გვერდით მდგომ მეზობელს ჩავჩურჩულე, ეგ, ვინ გვეწვია სტუმრად-მეთქი? სენაკიდან არისო, მითხრა და ნიშნის მოგებით თვალი ჩამიკრა. ეს ბებიაშენი იყო, ბაბუ, რომ წავიწიე გასაცნობად, სიახლოვეს ორმაგად ლამაზი მეჩვენა და დავშრი.ავთრთოლდი და გულმა კლავინდებურად იწყო ძგერა, ყურადღებას არ მაქცევდა და თამაშში გართულს, ვატყობდი გამარჯვება მის მხარეზე იყო. როცა გამარჯვებით გახარებულს ყველას თვალებში შესციცინებდა, სწორედ, მაშინ მომკრა თვალი. არ ვიცი მოვეწონე თუ არა, მაგრამ ნათელი და ბედნიერი თვალები შემომაფეთა. გასაცნობად დრო ვიხელთე და გამარჯვებას გილოცავ-მეთქი, ხელი გავუწვდინე.
_ დიდი მადლობა... მე ტატიანა მქვია...
_ მე, დათიკო... _ვუთხარი და მის თბილ ხელები, ჩემს ხელში მოქცეულს ვერ ვაშორებდი, ტატიანას დიდრონი თვალები და ლამაზი სიცილი მაოცებდა, შავი თმა ორად გაყოფილი გადაევარცხნა, მაღლი შუბლი ჭკვიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. შურას სახე ჩვენს შორის ამოეფარა, სადღაც სიღრმეში ტკივილს ვგრძნობდი და ვწუხდი... ჭრილობამ თავი შემახსენა დ ავერ ვივიწყებდი სიყვარულს, ვერ გავექეცი და ვერ გავექეცი... დამსდევდა და ცრემლად მაქცია...
ბებიაშენით მოვიხიბლე, არც ის დარჩა გულგრილი ჩემს მიმართ. ხანმოკლე ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე მოკლე დროში შემერთო ცოლად. ოჯახს ბუნებრივია ქალის სიფაქიზე აკლდა. ჩემი წარსულის შესახებ ცოტა რამ იცოდა, მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქცია. გული გამომიკეთდა, სისხლმაც იწყო ძარღვებში ჩქეფა, თვალები აელვარდნენ, მაგრამ ნაწამებ გულსა და სულს ნაწილობრივ თუ დაუამებს ცხოვრება. ბედი ხელმეორედ ვცადე ოჯახის შექმნისა და უიღბლო არ გამოდგა. ის ჩემი ნამდვილი მეგობარი და მეუღლე გახდა, ვშრომოდით, მივიწევდით წინ, სახლის კედლები გავაფართოვეთ,  მოვაწყვეთ, გავალამაზეთ და ვცხოვრობდით ერთმანეთის წყენის გარეშე... არ მახსოვს ერთმანეთისთვის აუგი სიტყვა გვეკადრებინოს, მიყვარდა როგორც მეუღლე, როგორც ჩემი შვილების დედა, მაგრამ ამ სიყვარულთან არ მავიწყდებოდა ჩემი საფიცარი საფლავები... მივდიოდი და მივიპარებოდი, ყვავილებს გულზე ვაყრიდი, ცრემლებს დავაპკურებდი მიწაზე და წარსულზე ფიქრით გულდამძიმებული და გულდაწყვეტილი ვბრუნდებოდი შინ. ყოველ აღდგომის დღესასწაულს სამი სანთლით,წითლად შეღებილი კვერცხითა და ყვავილებით ყველასგან შეუმჩნევლად მოვდიოდი აქ, ჩამოვჯდებოდი ამ ლოდზე და მათ გულზე დაყრილ მიწას ვეფერებოდი, ისინი უთუოდ გრძნობდნენ ჩემს ალერსს, ვეჩურჩულებოდი, ვიხსენებდი ერთად ყოფნის დღეებს და ჩემს სიყვარულს  მათთან ვტოვებდი...
ჩანს შინ ვაგვიანებდი მისვლას, აფორიაქებულები მხვდებოდნენ ჭიშკართან, ბებიაშენი ბრაზით `სადა ხარ, შე კაცო~-თი მეგებებოდა. უხასიათობა არ შემამჩნიოს მეთქი და მკლავს მხრებზე შემოვახვევდი, ჩავიხუტებდი და მისი ფორიაქიც იქარწყლებოდა.
როგორც იცი, შვიდი შვილი შეგვეძინა, ერთი გარდაგვეცვალა, ღმერთმა ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი გვაჩუქა.: როინი, შაქრო, გულნარა, დამირი, რევაზი, დარეჯანი. შვილებით მდიდარი ვართ და შვილიშვილებითაც... ღმერთმა დალოცვლილი გატაროთ ყველანი, რაც მე გადავიტანე ის განცდა ღმერთმა გაშოროთ და გახაროთ მუდამ...
ერთხელ, კიბეებზე ჩამომჯდარი, ყალიონს ვაბოლებდი, არაფერზე არ ვფიქრობდი, თითქოს ვისვენებდი ამ ცხოვრებისაგან სრული სიმშვიდით, არაფერზე ვწუხდი, შორს ჩემი ნასახლარის მიმართულებით ტრაქტორის ხმა მომესმა, გონება დამეძაბა, სიმშვიდე გამიგიჟდა და ისეთი სისწრაფით წამოვხტი და გავქანდი, ქარიც კი ვერ დამეწეოდა. რამდენიმე წუთში იქ გავჩნდი, რომ არა, ორიოდე ნაბიჯზე საფლავს ზედ გადაუვლიდა. მკლავები ასაფრენ ხოხობივით გავშალე, წინ გადავეღობე და ყვირილით შევაჩერე. ემოციისაგან თვალებდაბინდებულმა საყელოში ვეცი ახალგაზრდა მექანიზატორს და საჭიდან გაამგლებულმა გადმოვიყვანე. ის, ენაჩავარდნილი, მშველელი თვალებით მიყურებდა და მნებდებოდა. ამ ადგილას, თითით ვანიშნე_ნუ, შეეხები_მეთქი...გაურკვევლობისაგან მხერებაჩეჩილმა ტრაქტორი უკან მიაბრუნა.
 ერთხელ მომცა ღმერთმა მათი გადარჩენის შანსი. მეორედ, რევაზმა ტრაქტორზე მიბმული მუხის ზემო გადაჭრილი ნაწილი, ეზოში შემოიტანა, ნუთუ, ახლა გამწირა ბედმა და არ დამინდო მეთქი, ჩემს საფლავზე დარგულ მუხის ხეს მივამგვანე, როცა ვკითხე სად მოჭერი მეთქი, ადგილიც დაემთხვა. შვილზე გაავებული მივრბოდი ტყისკენ, `მოვკლავ~_მეთქი ამ მუქარის სიტყვებით მივიჩქაროდი და მივადექი კიდეც ჩემს სალოცავ ადგილს, ლოდზე ჩამოვჯექი სირბილისაგან გულამომჯდარმა, მუხლზე დავეცი და სუნთქვა გამიჭირდა, ღმერთს მადლობას ვსწირავდი და ცრემლად ვიღვრებოდი სიხარულისაგან, შურას საფლავზე დარგული ხის გვერდით მდგარი, სხვა მუხის ხე გადაუჭრია, სული მოვითქვი. გზაზე გავედი და სახლში გავეშურე, რევაზი ჭიშკართან იდგა და მომჩერებოდა, სხვა ხე  მოგიჭრია მეთქი, რომელ ხეზე მეუბნებიო მკითხა, მე, სიხარულით დავდუმდი და ენა ჩავიგდე...,,
X X X
შუა დღე გადასულიყო ამ თხრობაში.
_წავედით, ბაბუ შინ, ვისადილოთ ცოდვა ხარ, დილის აქეთ უჭმელი ხარ, მერე ისევ გავაგრძელოთ თხრობა_ემუდარა წარსულით გულდამძიმებულ ბაბუას, ნანა.
_ არა შვილო, საჭმელს რა მაჭმევს ახლა, სრულებითაც არ მშია.მალე მოვრჩები მოყოლას და მერე წავიდეთ, ამას იმიტომ გიყვები, რომ თუ ერთ კვირაში ცუდად გავხდი, დიდხანს ვერ ვიცოცხლებ, ვგრძნობ, მალე მათთან გადავსახლდები, ჰოდა, ერთი რამ ამისრულე, ამ საფლავის ზემო ფენიდან თითო მუჭა მიწა აიღე ისე, რომ ყვავილები თან მოჰყვებოდეს და ხელზე დამაყარე იმ დღესვე, დანარჩენი კი დასაფლავების დღეს კუბოს ფიცარზე მოფანტე, მათ საფლავზე და ჩემს საფლავზე ერთი და იგივე ყვავილები დარგე, ერთდროულად იხაროს და დასცვივდეს, გულზე გვეყრებოდეს, იმ სურნელებას მეც შევიგრძნობ და შურაც. ამ საიდუმლოს ერთერთ შვილიშვილს მოვუყვები, ოღონდ არ გეტყვი რომელს გავანდობ... აი, ჩემი საიდუმლო და ანდერძი, მოხუცის ანდერძი შვილო... ეს დარდი მაწუხებდა, ორმოცდათექვსმეტი წელი გულით დამქონდა მწუხარება და ვუვლიდი მათ საფლავებს. შენ იცი, ბაბუ, როგორ ამისრლულებ ანდერძს. ამ საფლავზე, ყოველ აღდგომას აქ, სანთელი აანთე, როგორც სული ამომხდება,გულზე დაკრეფილ ხელებზე სანთელი  შენ ამინთე და გამინათე საიქიომდე სავალი გზა... დავასრულე ჩემი ამბავი და უკვე დროა სახლში წავიდეთ, ბაბუ, თორემ ძებნას დაგვიწყებენ...,,
კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი მათ საფლავებს და თავდახრილი გზისკენ მიტრიალდა. ორივე ისე მივიდა სახლამდე, ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ, ალბათ, ორივე ერთიდაიგივეზე ფიქრობდა. დავითი სვენებ-სვენებით მიდიოდა ისევ. ტატიანა ჭასთან იდგა და გზისკენ ეჭირა თვალი, ქმრისა და შვილიშვილის მოლოდინში მოთმინება ელეოდა, როცა გამოჩნდნენ და შორით შეამჩნია, ლოდინით დაქანცულმა იქვე ხესთან მიმაგრებულ სკამზე ჩამოჯდა.
_ სად იყავით ამდენხანს?_მიაძახა მოსულებს.
_ შორს არ წავსულვართ, ახლო-მახლო ადგილებში გავისეირნეთ ბებო_უპასუხა ბაბუის მოყოლილი ამბავით გაოგნებულმა გოგონამ.
X X X
`წავალ, ვნახან უკანასკნელად საფლავებს და მერე, არც ვჩივი სიკვდილს. ამ ბოლო დროს, თავის ტკივილები მაქვს, თავბრუ მეხვევა, წნევა მაწუხებს მგონი, ან რაღაც მემართება... მეძახის ალბათ ჩემი ნასახლარი...~ ამ ფიქრებით გულის გამოძახილით დაჰყვა გზას დავითი. ბარბაცით და სვენებ-სვენებით, დაღლილი ჯან-ღონისაგან მიადგა საყვარელ ადგილს მარტოკამ. შედგა, თვალი მოავლო ოცნებები აიშალნენ და თვალებზე ხელები აიფარა, მუხლი მოეკეცა და ატირდა...
... ისევ ძველებურად დგას ხის სახლი, აივანზე კი ხელსაქმით მოფუსფუსე შურა, ეზოში მოთამაშე ნოდარი, მინდორზე მოფარფატე პეპლების მდევარი დაიკო... მორბის ნოდარი და მამიკო გულში იხუტებს, მხრებზე ექაჩება და `აჩუ-აჩუ~-ს შეძახილით კისკისებს, შურა სარეცხს ფენს, თავს ანებებს, მოაჯირს იდაყვით აწვება და თვალმოუცილებლივ უყურებს ბედნიერ ოჯახს. `დათიკო, მოხვედი, გენაცვალე...~ ჩაესმის ცოლის ხმა. `ჰო მოვედი~... უახლოვდება და ეხუტებიან ერთმანეთს, ბიჭუნა გარს დასტრიალებს დიდი ხნის უნახავ მამას... ღრუბელი წამოადგათ თავზე, ქარმაც ცივად დაჰბერა, წვიმა დაიწყო და სახლში შერბიან, პატარებს უხარიათ და ჟრიამულობენ... ქარშხალმა წამიერად გადაურბინა და აიშალა ეს ყველაფერი, ჰაერში აიტაცა და ოდა სახლის ფიცრები ნაფოტებად აქცია, შურა უგონოდ წაქცეულა, ბავშვები ერთმანეთს ჩაკრულები მოშორებით გაშხლართულან. დაბნელდა, დადგა უკუნი ღამე, სწორედ ისეთი, როგორიც ნოდარიკოს დაბადების ღამეს, `ვაი~ აღმოხდა და თავში ძლიერი დარტყმა იგრძნო. ხოხვით მიაღწია და მკლავებგაშლილი სამივეს საფლავს დაემხო დავითი.
_დათიკო, დავით... _თავზე ადგას ტატიანა და ყურთან ჩასძახის. თვალს ახელს დათიკო და გაოცებით იყურება.
_ სად ვარ, ღმერთმანი...
_ სახლში ხარ, სახლში _პასუხობს ატირებული ცოლი.
_ სახლში? რომელში?...
მასპინძელს კარებთან მეზობლის ხმა მოესმა. კარი შემოაღო და ზღურბლზე შედგა ზორბა ტანის მამაკაცი, რომელსაც ბედნიერი, მომღიმარი სახე ჰქონდა.
_ ბიძია დავით, როგორ გიკითხოთ, გავიგე თქვენი ავადმყოფობის ამბავი და ძლიერ შევწუხდი.
ავადმყოფმა სახე მნახველისკენ მოაბრუნა და აცრემლებული მზერა მიაპყრო, მადლიერი ღიმილით გაუღიმა და ჩაილაპარაკა:
_ ჩემი ნოდარიკო შენხელა იქნებოდა ახლა...
_ რაო? ვინ ნოდარი ახსენა? _სმენად შეეპარა ტატიანას.
_ არავინ, ბებო, ვიღაც ახსენა _შეეპასუხა ნანა და გაიკვირვა სმენადაქვეითებული ბებიასაგან.
_ ვკვდები, ჩემო კარგო, ვკვდები.
_ არა, ბიძია, დიდხანს უნდა იცოცხლოთ, თქვენი ჭკუა და გონება, რჩევა-დარიგება გვჭირდება ახალგაზრდებს.
_ ჩემი ჭკუა ვის რაში არგებს, მოხუცი კაცის ჭკუა, თანამედროვე ახალგაზრდები ჩემზე უკეთ აზროვნებენ, სულ სხვა ცხოვრებაა, ერთი დინებით არ მიდის, იცვლება და ვითარდება წლებთან ერთად ადამიანი, ნეტავ, ის დრო იყოს-ჩემი ახალგაზრდობის დრო, არ ვჩივი არაფერს...
X X X
ტატიანას სკამზე ჩასძინებოდა, ნანას წიგნი გადაეშალა და გვერდებს ჩქარ-ჩქარა შლიდა, დაკეცავდა ბაბუას გადახედავდა და ისევ კითხვას დაიწყებდა, ისევ დაკეცავდა და მოსვენებას თანდათან კარგავდა. დავითი სულგანაბული ფანჯრის ერთ წერტილს მისჩერებოდა, ზოგჯერ ღიმი დაჰკრავდა, დადუმებულ ენას ამოიდგამდა და გაუგებარ ენაზე ჩურჩულებდა. ხელით ჰაერს ეპოტინებოდა, ვიღაცას ეხებოდა...
_ბებო, ზეგ აღდგომაა არა? დღეს 12 აპრილია, პარასკევი, ჯვარცმის დღე... _წარმოთქვა გოგონამ და ფიქრიანი თვალები ჭერს მიაპყრო... ტატიანას ეძინა, ნანას ნათქვამი არ გაუგონია. დავითი აწრიალდა, შეიშმუშნა.
_ ნანა, შვილო...
_ ბატონო, ბაბუ?_წამოხტა და თავზე დაადგა ნანა. დავითი ერთ წერტილს მისჩერებოდა ბედნიერი თვალებით. ხელის ფათურით მონახა ნანა, ღილებიან მაისურს ჩაებღაუჭა და მოქაჩა.
_ ხედავ, ბაბუ? ჩემი ნოდარი რამხელა ბიჭი დამდგარა?..
_ ვერა, ვერ ვხედავ ბაბუ... _ტუჩები გაუფითრდა გოგონას.
_ ბიჭო, როგორ დავაჟკაცებულხარ... ნუთუ, შენ ჩემს კუბოს მხრებით ვერ ზიდავ... შურა, შენც აქა ხარ?.. ჩემო დაიკო, მოდით, მომიახლოვდით... ცრემლები სდიოდათ ბაბუა და შვილიშვილს. ეს იყო სინამდვილეში მომხდარი მითი. თვალებს ვერ აცილებდა დავითი საიქიოდან გამოცხადებულ ოჯახის წევრებს და ჩასახუტად მათკენ იწევდა.
_ნანა, შვილო, გენაცვალოს ბაბუ... მივდივარ და ანდერძი ამისრულე გთხოვ, დამილოცნიხართ... _ნანას ჩაბღაუჭებულ ღილს ერთი ჩამოჰკრა და ჩამოაგლიჯა. სანთელი, ჩქარა დაიყვირა და ტატიანას გამოეღვიძა, კივილით აიკლო სოფელი, ეზო ხალხით აივსო, სანთელმა რხევით ჯვარი გადაისახა და დავითის სულიც მარადისობაში გადაინაცვლა.
დარბაზის შუაგულში ესვენა ძია დავითი. ტატიანა ფეხებთან თავჩაქინდრული მჯდარი, წივილ-კივილისაგან დაქანცული ჩუმად მოთქვამდა. ნანა მიუახლოვდა ბებოს და მის გვერდით დაჯდა, უჭირდა საუბრის წამოწყება, მაგრამ ანდერძი,ბაბუას დანაბარები უნდა შეესრულებინა. როცა თხრობა დაამთავრა, თემური წამოენთო, ეს საიდუმლო ბაბუამ მეც გამანდოო, _ აი, თურმე ვინ ჰყვარებია და ჩემთვის არასოდეს უგრძნობინებია, აქ დასამალი რა იყო?.. ეგონა ამით დავიჩაგრებოდი, მეწყინებოდა. არა, მე მას ვუთანაგრძნობდი, სიყვარული ვის არ სწვევია, ახალგაზრდობაში მით უმეტეს.. _ტატიანას ცრემლი შუა ლოყაზე შეჩერებოდა, გაბრაზება და შურის მზერა გამოკრთოდა თვალებიდან.